საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. მარტში შემწეობას 676 641 ადამიანი იღებდა.
მაისში საარსებო შემწეობა 668 555-მა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ აიღო, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9%-ია. სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანახმად, ეს სერვისის ამოქმედებიდან დღემდე ყველა წლის საშუალო მაჩვენებელს აღემატება.
ამასთან, ბოლო 10 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 62.29%-ით გაიზარდა.
„ეს ერთი მხრივ, სისტემის მიერ მოწყვლადი მოსახლეობის უკეთესი დაფარვით, ხოლო, მეორე მხრივ, მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით შეიძლება აიხსნას.
სისტემა, თავისი შინაარსიდან და ოჯახების სოციალური კეთილდღეობის შეფასების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ვერ ხედავს საჭიროების მქონე ყველა ადამიანს და ვერ უზრუნველყოფს მათზე საარსებო შემწეობის გაცემას. შესაბამისად, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა აღემატება სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვს“, – აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
აღსანიშნავია, რომ იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკაში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მონაწილეების შესახებ გაჩნდა ჩანაწერი. ამ მონაცემების თანახმად, მაისში 39 893 იყო იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც, აღნიშნულ პროგრამაში ჩართვიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობა 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ.