ახალი ამბები

როგორია წყლის ხარისხი კახეთის რეგიონში

კახეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლებია წყლის პრობლემა აწუხებს. ადგილობრივები ხან წყლის ხარისხზე ჩივიან, ხან კი გრაფიკზე. არასაკმარისი წყლის პრობლემა ზაფხულში მაღალი სიცხის და ზამთარში ყინვის დროს უფრო მწვავდება.

კახეთის რეგიონის სოფლებში, წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტების მერიები არიან. ქალაქებში კი ამ მიმართულებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუშაობს, რომელიც როგორც წყლის მიწოდებაზე, ასევე მის ხარისხზეა პასუხისმგებელი.

,,წყალი ხან ამღვრეულია, ხან რაღაცეები მოყვება. არ ვიცით ვარგისია თუ არა მისი დალევა. ზოგი იყენებს სასმელად ქალაქის წყალს, ზოგი კი არა. ადგილობრივების ნაწილს დაბურღული წყლებიდან მოაქვს წყალი და იმას იყენებს სასმელად. ზოგი კი ონკანის წყალს სვავს. რამდენად უსაფრთხოა ჩვენთვის მისი დალევა არ ვიცით, რადგან ამას არავინ გვეუბნება’,- აცხადებენ ადგილობრივები.

როგორც Knews.ge-ს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, წყლის პრობლემა, გაუმართავი სისტემები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია, თუმცა კომპანია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელებით გეგმავს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას.

კომპანიის ინფორმაციით, წყლის ხარისხი, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება მაღალია. მისი ხარისხი კი კომპანიის მიერ სისტემატიურად მოწმდება, ხდება დაქლორვა და პრობლემის შემთხვევაში მისი მოგვარება.

გარდა კომპანიის და მუნიციპალიტეტების მერიებისა, წყლის ხარისხის კონტროლსა და მონიტორინგს, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სააგენტო კვარტალურად და ყოველწლიურად აჯამებს მუშაობის შედეგებს და აქვეყნებს. 2023 წლის წყლის კვლევის მონაცემები ამ დროისთვის არ გამოქვეყნებულა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის მონაცემებით, კი კახეთის რეგიონში წყლის ხარისხის შესამოწმებლად ჩატარდა 16 კვლევა, საიდანაც ყველა შემთხვევაში დაფიქსირდა როგორც მიკრობიოლოგიური, ისე ფიზიკო-ქიმიური და ორგანოლეპროკური კვლევა.

,,მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა თეოლავის მუნიციპალიტეტში-წინანდალში, ვარდისუბანში, აკურასა და ვანთაში. ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტში-შილდის სკოლაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში- სოფელ ვეჯინის სკოლაში დაფიქსირდა წყლის ორგანოლეპტიკური დაბინძურების ფაქტი.
აღნიშნული ფაქტები დაფიქსირდა ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში-კაკაბეთის სკოლის, კაკაბეთის საბავშვო ბაღის (N2), პატარა ჩაილურის და პატარძეულის საჯარო სკოლებში.
წყლის მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა ალვნის N2 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მიკრობიოლოგიურად და ფიზიკო-ქიმიურად იყო დაბინძურებული ქვემო ალვანში წყალი”,-
წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის მონაცემებით, კახეთის რეგიონში ჩატარდა სასმელი წყლის გამანაწილებელ 65 სისტემაზე კვლევა, საიდანაც 40-ის შემთხვევაში დაფიქსირდა მიკრობიოლოგიური, ორგანოლეპტიკური, ქიმიური და ფიზიკო-ქიმიური დაბინძურების შემთხვევები. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ყველა შემთხვევაში მოხდა აღნიშნული ინფორმაციის შესაბამის სამსახურებამდე მიწვდა და რეკომენდაციების გაცემა.

,,გასულ წელს მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა გურჯაანში, სოფელ ჭანდარის ,,ტელმანის” უბნის ჭაბურღილის წყალი, აღების წერტილი რეზერვუარიდან გამომავალი ონკანი, ააიპ გურჯაანის მუნიციპალური სერვისცენტრს ეკუთვნის, განხორციელდა შემოწმება სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში. ორგანოლეპტიკური დარღვევა. ეცნობა ადგილობრივ თვითმმართველობას, გაიცა რეკომენდაციები.
სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტები დაფიქსირდა ასევე სოფელ ვაზისუბნის სანაგირეს ასახვევის პირველი უბნის წყალში, მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა ასევე სოფელ კაკაბეთში, საჯარო სკოლის წყალი. ასევე წყლის დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა სოფელ კაკაბეთის N2 ბაღში.
წყლის მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ფაქტები დაფიქსირდა თელავის მუნიციპალიტეტშიც. მაგალითად: სოფელ წინანდლის N 2 ბ/ბაღში, სოფელ კისისხევის საბავშვო ბაღში. ასევე ფიზიკური პირების ონკანებზე დაფიქსირდა სასმელი წყლის მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ფაქტები. ესენია: სოფელი გულგულა, ვარდისუბანი, იყალთოს ადმინისტრაციის შენობასთან არსებულ წყალზე, სოფელ თეთრწყლების საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, ასევე სოფელ წინანდალში, აკურასა და ვანთაში”,-
წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

2021 წელს ქიმიური დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელიდან აღებული სინჯით, ქალაქ დედოფლისწყაროში, ჭავჭავაძის ქ. N41, წყლის ქიმიური დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ეცნობა ბიზნესოპერატორს და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ფიზიკო-ქიმიური დაბინძურების შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ გამარჯვებაშიც, ფიზიკური პირის ეზოს ონკანიდან აღებულ წყალში. 2021 წელს წყლის მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ყველაზე მეტი შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტში, სოფლებში, ონკანებიდან აღებული 13 სინჯიდან, 10-ის შემთხვევაში წყლის დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა. წყალში კოლოფორმები იქნა აღმოჩენილი. აღნიშნულის შესახებ შესაბამის სამსახურებს ეცნობათ და გაიცა რეკომენდაციები. წყლის მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ფაქტები დაფიქსირდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, დუისსა და ჯოყოლოში.
2021 წლის მონაცემებით, წყლის მიკრობიოლოგიურიდა ფიზიკო-ქიმიური დაბინძურების შემთხვევები დაფიქსირდა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც. მიკრობიოლოგიურად სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტები დაფიქსირდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ახალსოფელსა და შილდაში, ფიზიკური პირების ეზოს ონკანზე.