ახალი ამბები

სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნისთვის მომხმარებლის თანხმობა იქნება საჭირო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნისთვის მომხმარებლის თანხმობა იქნება საჭირო.

ამავდროულად, მომხმარებელს შეეძლება მიცემული თანხმობა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიხმოს. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში პირის მონაცემთა დამუშავება შეწყვიტოს. აღნიშნული ცვლილება 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება .

ცვლილებების თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივნისიდან ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

განისაზღვრა ის დაწესებულებები, რომლებშიც სავალდებულო იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის არსებობა, ესენია:

საჯარო დაწესებულება (გარდა რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციებისა)
სადაზღვევო ორგანიზაცია
კომერციული ბანკი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
საკრედიტო ბიურო
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია
ავიაკომპანია
აეროპორტი
სამედიცინო დაწესება, რომელიც მომსახურებას უწევს წელიწადში არანაკლებ 10 000 მონაცემთა სუბიექტს
ორგანიზაცია, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.