პოლიციამ სოფელ ველისციხეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. დამამძიმებელ გარემოებაში 2 პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებს – 1952 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ზ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.