რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიში წარადგინა
„ღია საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელობით, რვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე ანგარიში წარადგინა.
როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, დოკუმენტი ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს აფასებს და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს განსაზღვრავს.
დოკუმენტის თანახმად, 12 რეკომენდაციიდან სრულად არის შესრულებული მხოლოდ ერთი პუნქტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებას ეხება. მეტწილად არის შესრულებული ორი პირობა – გენდერული თანასწორობა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ხუთი პირობა კი ნაწილობრივაა შესრულებული: დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, ანტიკორუფციული ზომები, დამოუკიდებელი სასამართლო, საარჩევნო ინსტიტუციური რეფორმები. ხოლო შესასრულებელია ოთხი რეკომენდაცია: დეპოლარიზაცია, დეოლიგაქრიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მედიის თავისუფლება.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების განცხადებით, მედიის თავისუფლების პუნქტის შესრულების საკითხზე მომდევნო შეფასებაში პოზიტიურად აისახება ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლება.
„ეს საკითხი არსებულ დოკუმენტში ვერ მოხვდა იმ მიზეზით, რომ მესამე სექტორის შეფასება 30 აპრილიდან 15 ივნისის პერიოდს მოიცავს“, –განაცხადეს ანგარიშის ავტორებმა.
მათი თქმით, შეფასება თითქმის სრულად ემთხვევა 22 ივნისს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ შუალედურ შეფასებას.