უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში მიიღეს ზოგადი განათლება, უმაღლესში სწავლა ეროვნული გამოცდების გარეშე შეეძლებათ
პარლამენტმა 78 ხმით, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას.
პროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი განათლება, ეძლევათ შესაძლებლობა, გააგრძელონ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. ეს ცვლილება არ ეხება ორმაგ მოქალაქეებს.
ცვლილებით, შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ შეუძლიათ თავად განსაზღვრონ სახელმწიფო სასწავლო გრანტზე მაღალი საფასური, ნაცვლად 2022- 2023 სასწავლო წლისა, გადავადდა 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით. ასევე, 2023 – 2024 სასწავლო წლის ჩათვლით არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესაძლებლობა გაგრძელდება 2030 – 2031 სასწავლო წლის ჩათვლით.
ცვლილებების ინიციატორია საქართველოს მთავრობა.