ახალი ამბები

საქსტატმა სოფლის მეურნეობის სტატისტიკის ახალი პორტალი წარადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიული პორტალის – სოფლის მეურნეობის სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განმარტა, რომ სოფლის მეურნეობის სტატისტიკის პორტალი მომხმარებელს სოფლის მეურნეობის სტატისტიკისა და სასურსათო ბალანსების შესახებ საქსტატში არსებული ინფორმაციის ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნია, რომ პორტალი საქსტატში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. საქსტატში განმარტავენ, რომ პორტალზე, მარტივად აღსაქმელი ფორმით თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სტატისტიკის შესახებ. ის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში, ინტერაქტიული გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების მეშვეობით მოახდინოს სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მონაცემთა ანალიზი.

პორტალი ხუთი მოდულისგან შედგება: მემცენარეობა; მეცხოველეობა; აკვაკულტურა; სასურსათო ბალანსები და ზოგადი ინფორმაცია.

პირველი მოდული – მემცენარეობა – მოიცავს ინფორმაციას მემცენარეობის კულტურების (მრალავწლოვანი, ერთწლიანი) წარმოების, ნათესი ფართობის, საშუალო მოსავლიანობისა და ფერმის კართან ფასების შესახებ, კულტურებისა და წლების მიხედვით.
მეორე მოდულში – მეცხოველეობა წარმოდგენილია ინფორმაცია პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, ფუტკრის ოჯახების რაოდენობის, მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების, ნამატისა და დაცემის შესახებ წლების მიხედვით.
მესამე მოდულში აკვაკულტურა – მომხმარებელი მიიღებს ინფომაციას აკვაკულტურით დაკავებულ მეურნეობებში თევზის წარმოების, წყალსატევებში არსებული თევზის, რეალიზებული თევზის წილისა და ფერმის კართან ფასების შესახებ, თევზის ცალკეული სახეობებისა და წლების მიხედვით.
მეოთხე მოდული სასურსათო ბალანსები – შეიცავს ინფორმაციას ისეთი ცალკეული მნიშვნელოვანი პროდუქტების შესახებ, როგორიცაა: ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული და სხვა. სასურსათო ბალანსის განყოფილებაში წარმოდგენილია ინფორმაცია აღნიშნული პროდუქტების რესურსების, მათი გამოყენების, წლიური მოხმარების და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის შესახებ.
მეხუთე მოდულში – ზოგადი ინფორმაცია.

წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის სტატისტიკური მაჩვენებლები, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს სექტორთან, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან, ფასებთან, გენდერულ სტატისტიკასთან, ეროვნულ ანგარიშებთან, ხელფასებსა და დასაქმებასთან და ა.შ.