საქართველოში წელიწად-ნახევარში ინდმეწარმედ რუსეთის 20 691 მოქალაქე დარეგისტრირდა
საქართველოში წელიწად-ნახევარში ინდმეწარმედ რუსეთის 20 691 მოქალაქე დარეგისტრირდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 5 ივნისამდე, საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთის 20 691 მოქალაქე დარეგისტრირდა.
პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვის პასუხად, საჯარო რეესტრის მიერ მომზადებულ წერილში აღნიშნულია, რომ ამავე პერიოდში, რუსეთის 7 780-მა მოქალაქემ 9 504 ბინა დაირეგისტრირა.
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 14 506 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ხოლო, 2023 წლის 1 იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდისთვის, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 6 185 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის 5 000 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 6 135 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე, ხოლო, 2023 წლის 1 იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდისთვის, 2 780 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 3 369 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე“, – აღნიშნულია რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ წერილში.
უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, 1 753 სუბიექტის წილის მესაკუთრედ ან/და დამფუძნებლად 2 344 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დარეგისტრირდა.
საჯარო რეესტრში განმარტავენ, რომ წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის შესახებ მონაცემები მოძიებულია შემდეგი სამართლებრივი ფორმის მქონე სუბიექტებში:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
კომანდიტური საზოგადოება;
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.