კელი დეგნანი – იმედის მომცემია ევროპული კომისიის შეფასება, რომ 12 რეკომენდაციიდან 3 შესრულებულია
ვფიქრობ, საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით გუშინდელი კომენტარები აღიარებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია 12-დან სამ კრიტერიუმთან დაკავშირებით და საჭიროა მეტი მუშაობა სხვა სფეროებში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„პარლამენტის გადაწყვეტილება, არ გააგრძელოს დეოლიგარქიზაციის კანონი, ძალიან კარგად იქნა აღქმული და მნიშვნელოვანია. ვენეციის კომისიამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ ძალიან მკაფიო განაცხადეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი იმ სახით, როგორი სახითაც არის შემუშავებული, არ არის გზა საქართველოს დემოკრატიულ სისტემაში გადაჭარბებული პოლიტიკური და ფინანსური გავლენის აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ყველას ესმის, რომ 12 რეკომენდაციით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება რთულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და ის მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი დემოკრატიული განვითარებისთვის.
„ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან გამამხნევებელია კომისიის შეფასება, რომ 12 რეკომენდაციიდან 3 შესრულებულია. მან ასევე საქართველოს მიაწოდა გზამკვლევი იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ინკლუზიურ პროცესში ყოფნა. ეს არის ის, რითაც საქართველო პოზიტიურ შედეგებს მიიღებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რისი ხილვაც ყველას გვსურს დეკემბერში. ამასთან, კომისია ძალიან მკაფიოდ იყო, რომ ეს ნაბიჯები უნდა შესრულდეს პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად და იმედი მაქვს, მომავალ თვეებში ყველა გაერთიანდება რეალური პროგრესის მისაღწევად“, – აღნიშნა ელჩმა.