ახალი ამბები

საგარეჯოში მცხოვრები ახალგაზრდა ტყავისგან სხვადახვა აქსესუარებს ქმნის

საგარეჯოში მცხოვრები ახალგაზრდა, დავით ბურჯანაძე ტყავისგან სხვადასხვა სახის აქსესუარებს ქმნის. მან მუნიციპალიტეტში საქმიანობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და საყვარელ საქმეს, რომლის მიმართაც ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა, დღემდე აქტიურად აგრძელებს.

დავითი განმარტავს, რომ ხელოვნების მიმართ დიდი ინტერესის გამო, პროფესიულ კოლეჯში აღნიშნული მიმართულებით ცოდნა გაიღრმავა და საყვარელი საქმე ბიზნესად აქცია.

დღეს დავითი როგორც ხელნაკეთ საფულეებს, ასევე სამკაულებს და მონადირეებისთვის სხვადასხვა სახის აქსესუარებს ამზადებს.

,,ბავშობიდან მიტაცებდა ხელოვნება და გადასაყრელი ნივთებისგან ვქმნიდი სუვენირებს. სულ ისეთი პროფესიის მიღებაზე ვფიქრობდი, რომელიც ხელოვნებასთან ახლოს იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტე ტყავზე მუშაობა მესწავლა და ერთ-ერთ პროფესიულ კოლეჯში, სახლემწიფო დაფინანსებით ორი წელი ვსწავლობდი. ამის პარალელურად შევიძინე ხელსაწყოები და სწავლის პერიოდში ვქმნიდი ნამუშევრებს. ბავშობის პერიოდში გავარჯიშებულმა ნებისყოფამ და ფანტაზიის უნარმა ხელი შემიწყო წარმატებისთვის მიმეღწია.


მოთხოვნა ჩემს ნამუშევრებზე საკმაოდ დიდია. ხელით ვკერავ და დროს და ენერგიას მოითხოვს ეს, თუმცა ასეთი ნივთი მეტად გამძლეა. 5 წლის წინანდელი საფულეები კიდევ ერთგულად ემსახურებიან პატრონს და ეს კიდევ ამტკიცებს იმას, რომ ხარისხიანად ვმუშაობ. საკერავი მანქანა საჭიროა მეტი ნამუშევრების შესაქმნელად მაგრამ უფრო მეტი სიმყარისთვის ხელნაკეთს ვამჯობინებ’’,-
აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას დავით ბურჯანაძე.

როგორც დავითი ამბობს, პირველი ნამუშევარი კარგად ახსოვს, როცა ბანკის ბარათების ჩასადებები დაამზადა, რომელიც მალევე გაიყიდა. სწორედ ამან მისცა სტიმული საქმე გაეგრძელებინა და სამიზნე აუდიტორიისთვის სხვადასხვა ნივთები შეეთავაზებინა.

,,ჩემი პირველი ნამუშევარი იყო საბარათე, რომელიც შევქმენი 50 ცალამდე და ელვისებური სისწრაფით გაიყიდა. სკოლის მოსწავლეებმა იყიდეს. სამი თვეა რაც საგარეჯოში ვსაქმიანობ და ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რომლებსაც საინტერესო შეკვეთები ჰქონდათ.

ვამზადებ ყველაფერს, რაც შეიძლება დამზადდეს ტყავისგან.დღითიდღე უფრო ლამაზ და დახვეწილ ნამუშევრებს ვქმნი. მალე ვიყიდი სპეციალურ ინსტრუმენტებს, რომელიც ძალიან მეხმარება საქმეში სამომავლოდ, რომ მეტი შეკვეთა მივიღო’’,- აცხადებს დავითი.

ახალგაზრდა ნამუშევრებს ძირითადად ინტერნეტით და ადგილზე ყიდის. როგორც თავად აცხადებს, ამ დროისთვის ორი ნამუშევარი აქვს გაგზავნილი ევროპაში. იგი ამ მიმართულებით სამომავლოდ გააქტიურებას გეგმავს.

,,ნივთებს შეკვეთით ვამზადებ და ძირითადად ადგილზე იყიდება. რაც შეეხება საზღვარგარეთ გაგზავნას, ჯერ მხოლოდ ორი ნამუშევარი გავაგზავნე ევროპაში და კიდევ ვაპირებ სამომავლოდ ამ მიმართულებით გააქტიურებას’’,- აცხადებს დავითი.