რუსეთთან ვაჭრობა რეკორდულ ნიშნულზეა
2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ რუსეთთან 1.06 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლით ივაჭრა, რაც წინა წელთან შედარებით 38%-ით მეტია.
სავაჭრო ბრუნვის ამ მაჩვენებლით, რუსეთმა თურქეთის შემდეგ მეორე პოზიცია დაიკავა. სავაჭრო ბრუნვაში იმპორტი ჭარბობს, წელს საქართველომ რუსეთიდან 778 მილიონის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით არის გაზრდილი. ექსპორტი კი 34%-ით, 281 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. რუსეთში საქართველოს ექსპორტში პირველ ადგილს ღვინო იკავებს.
იმპორტში კი ენერგორესურსები სჭარბობს. მეტიც, ნავთობის იმპორტის მხრივ რუსეთი საქართველოს მთავარ მომწოდებლად იქცა, რადგანაც იანვარ-მაისში შესყიდული 400 მილიონის საწვავიდან 264 მილიონი დოლარი სწორედ რუსეთზე მოდიოდა. იმპორტში მეორე ადგილს 83 მილიონი დოლარით ბუნებრივი აირი იკავებს, რომლის იმპორტიც წლიურად 113%-ით არის გაზრდილი.