მუხროვანის გამოქვაბული ,,მარიამწმინდა”- ადგილი საგარეჯოში რომელიც უნდა ნახო
მუხროვანის გამოქვაბულის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის მიმდებარედ, კახეთში. გამოკვეთისა და აგების თარიღად მიჩნეულია XI-XIII სს.
აღნიშნული სამონასტრო კომპლექსი იწოდება “მარიამწმინდად”, ის შედიოდა გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, რომელიც დღევანდელი საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლზე იწყებოდა და სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მთავრდებოდა.
სამონასტრო კომპლექსი მთლიანად კლდეშია ნაკვეთი და წარმოადგენს დარბაზულ ეკლესიას, მარანს თავის საწნახელით, მოზრდილ დარბაზს, მცირე ზომის სენაკს და დიდ გამოქვაბულს. დარბაზული ეკლესია მოხატულია. ძირითადად, ფრესკები კონქში და დასავლეთ კამარაზეა შემორჩენილი. მარნის გადახურვა ნაწილობრივ ჩანგრეულია. დარბაზის გადახურვიდან მხოლოდ კამარის მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი. ძეგლი მთლიანობაში ქმნის ერთიან, ძალზე საინტერესო ანსამბლს.