როგორ ხვდება ალოობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ალოობა დაიწყო, ალაზნის ველზე მოსავლის აღების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა მემარცვლე ფერმერები შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადის შემოღების დადგენილება გამოსცა, პრობლემები მაინც არ მოგვარებულა. ფერმერებს შარშანდელი მოსავალი ამ დრომდე გასაყიდი აქვთ.
მემარცვლე ფერმერების პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას knews.ge-სთან საუბრისას მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე.
მისი განმარტებით, ალოობა უკვე დაიწყო, რამაც ფერმერები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. იგი ასევე განმარტავს, რომ მთავრობა მემარცვლე ფერმერების პრობლემებით უნდა დაინტერესდეს.
,,დედოფლისწყაროში ალაზნის ველზე მოსავლის აღება დაიწყო. ძალიან დაბალია ფასები და მყიდველი არ არის. მართალია ძალაშია შესული რეგულაცია, რომელიც შემოსულ ფქვილზე გადასახადს ეხება, თუმცა ეს ფერმერებზე ვერ აისახა. ისევ გასაყიდია ძველი მოსავალი და დიდი პრობლემებია. როგორც ფქვილზე მოხდა დამატებითი საფასურის შემოღება, ასევე უნდა მოხდეს საფურაჟე ხორბალზე და ქერზე. ორი გამოსავალია: ერთი ნაბიჯი გადადგა მთავრობამ გადასახადის დაწესებით და კარგია, მაგრამ ეს არის მხოლოდ სასურსათო ხორბლისთვის. ხორბალს მინიმალურ ფასად, 70 თეთრადაც არავინ ყიდულობს. 1000 ტონიანი კვოტა იყო დადგენილი, რომლის ფარგლებშიც ფერმერების ნაწილმა გაყიდა ცოტა მოსავალი, მაგრამ ამან დაგვანახა, რომ გაცილებით მეტი ფერმერია დაზარალებული და მეტი ოდენობის მარცვლეული არის გასაყიდი. ასევე გამოჩნდა, რომ არამარტო შარშანდელი, არამედ გაცილებით ძველი მოსავალია დასაბინავებელი და გასაყიდი”,- განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ბენიაიძემ.
მისი განმარტებით, ასოციაცია გეგმავს პრობლემების მოგვარების მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართოა.
,,ფერმერებში ვნებათაღელვაა დიდი და პრობლემაა მოსაგვარებელი. არ გვინდა არც აქციის გამართვა. რა მოხდება ჯერ არ ვიცით. უნდა მივუბრუნდეთ მთავრობას, რომ რამე გადაგვიწყვიტონ. ასევე წისქვილები რომ გააქტიურდნენ, ჩაერთონ პროცესებში და მოსავალი აქტიურად ჩაიბარონ, თორემ ძალიან მძიმე მდგომარეობაა”,-აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.
ფერმერების განმარტებით, გასულ წელს მოყვანილი რამდენიმე ასეული ტონა ხორბალი საწყობებში აქვთ შენახული, რომელიც ფუჭდება და ხარისხს კარგავს. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, დაბა წნორში მცხოვრები ვასიკო ბასილაშვილი აცხადებს, რომ წლებია მარცვლოვანი კულტურები მოყავს. მისი განმარტებით, ამ დროისთვის 500 ტონა მოსავალი აქვს მოყვანილი და დასაწყობებული, რომლის გაყიდვასაც ვერ ახერხებს.
,,მაქვს 500 ტონა ხორბალი მოყვანილი, მიყრია ისე და ვერ ვყიდი. თბილისში, სადაც ადრე იბარებდნენ, 55 თეთრს აღარ იხდიან კილოგრამზე, იმის გამო, რომ რუსეთიდან შემოდის ბევრი ფქვილი და ხორბალი, უფრო დაბალ ფასად იყიდება. 2022 წლის მოსავალი ვერ გავყიდე და ახალს რომ მივიღებთ, სად უნდა დავასაწყობო არ ვიცი. თუ რამე არ გვეშველა, გადასაყრელი გახდება. ვთხოვ ყველას დახმარებას’’,- განაცხადა ვასიკო ბასილაშვილმა.
,,წლებია მომყავს ხორბალი, ასევე მაქვს სასაწყობე მეურნეობა. ახლა მაქვს 600 ტონა ხორბალი, რომელსაც რეალიზაციას ვერ ვუკეთებ. თუ იგივე სიტუაცია იქნება, ხორბლის მოყვანას აზრი აღარ ექნება, ადგილები აბალახდება ისევ ან ინდოელებზე გაიყიდება. სხვებიც ასეთ მდგომარეობაში არიან’’,– აცხადებს ლაგოდეხში მცხოვრები ფერმერი ზურა ხიზანიშვილი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე აცხადებს, რომ მობილიზებულია ყველა სამსახური და ტექნიკა, რომ ალოობის პროცესმა შეუფერხებლად ჩაიაროს.
„კახეთის რეგიონში მარცვლოვანი კულტურების აღების პროცესი, ალოობა აქტიურად იწყება. დედოფლისწყაროში გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რაც დაკავშირებულია ამ პროცესის შეუფერხებელ და წარმატებულ განხორციელებასთან. სახელმწიფო ყველა წინაპირობას ქმნის ხორბლის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავებისთვის, თუმცა, საყურადღებოა კლიმატური ფაქტორები. ტრადიციულად, სამინისტროში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები. მოსავლის შეუფერხებლად ასაღებად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია, დაახლოებით, 300 ერთეული მოსავლის ამღები ტექნიკა. ვფიქრობთ, რომ ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევით სეზონი წარმატებით ჩაივლის. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, თავისი პოლიტიკის ფარგლებში, ხელს უწყობს მარცვლოვანი კულტურების წარმოებას. ბოლო წლებში ამ მიმართულებით მზარდი დინამიკა გვაქვს. გასულ წელს, 2020 წელთან შედარებით, 60%-ით გაიზარდა მარცვლოვანი კულტურების წარმოება. ვფიქრობთ, ეს პროცესი წელსაც შენარჩუნდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იმპორტირებულ ფქვილზე დამატებითი საფასურის დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადგილობრივად წარმოებული ხორბლის კონკურენტუნარიანობის ზრდას“, – განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, რეგიონში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ალოობის სეზონი წარმატებით ჩატარდეს და ფერმერებს მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეთ.
აღსანიშნავია, რომ 12 ივნისიდან, ფქვილის იმპორტის გაფორმებისთვის მომსახურების საფასური დღეიდან ამოქმედდა.
საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება მიმდინარე წლის 7 ივნისს გამოაქვეყნა.
ცვლილების მიხედვით, იმპორტიორს 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისთვის ყოველ კილოგრამზე 20 თეთრის გადახდა მოუწევს, რაც ყოველ 1 ტონაზე 200 ლარს უტოლდება. გაფორმების გადასახადი ძალაში 1 ნოემბრამდე იქნება.
საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადის შემოღების გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ და მხარდაჭერის მიღების მიზნით, არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის, როგორც ხორბლის, ისე ფქვილის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. მთავარ საიმპორტო ბაზარზე ხორბლის ექსპორტისას დაწესებული ბაჟის გამო, ქართველი იმპორტიორებისთვის რუსული ხორბლის იმპორტი და გადამუშავება არარენტაბელური გახდა. შედეგად, წისქვილკომბინატების დიდი ნაწილი გაჩერდა, ხორბლის იმპორტიორები კი ფქვილის იმპორტზე გადაეწყვნენ. გაჩერებული წისქვილების პირობებში ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლებს გასული წლის მოსავლის ჩაბარება გაუჭირდათ და რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს.
საიმპორტო გადასახადის ამოქმედების პარალელურად, წისქვილები ვალდებულნი იქნებიან კონკრეტულ ფასად შეისყიდონ ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბალი და პურის მწარმოებლებს პირველი ხარისხის ფქვილი ისეთი პირობებით მიაწოდონ, რომ ამან პურის გაძვირება არ გამოიწვიოს.