ახალი ამბები

“ბავშვების სიყვარული მაძლიერებს და მიბიძგებს ვიყო ჩემი თავის უკეთესი ვერსია”-თათია მოსიაშვილი

თელავში მცხოვრები თათია მოსიაშვილი, წარმატებული პედაგოგია. ის ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლის. თათია არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა დონის პროფესიული ჯილდოს მფლობელი.
როგორც თავად ამბობს, მასწავლებლობა 2015 წლიდან დაიწყო და ამ საქმეს დღემდე დიდი სიყვარულით და ენთუზიაზმით აკეთებს.


“მასწავლებლობა დავიწყე 2015 წლიდან და უკვე 9 წელია ვმუშაობ სკოლაში, ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე. ძლიერი სურვილი იმის, რომ მომავალი თაობის განვითარებაში წვლილი შევიტანო, მაძლევს მოტივაციას, ყოველდღიურად ვიურთიერთო ბავშვებთან ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში. განცდა იმის რომ შენს ხელშია პოზიტიური ცვლილებების მოხდენის შესაძლებლობა საზოგადოებისთვის და თემისთვის, სადაც ვცხოვრობ, არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. ბავშვების სიყვარული მაძლიერებს და მიბიძგებს ვიყო ჩემი თავის უკეთესი ვერსია.

21-ე საუკუნეში ბავშვებს, განსაკუთრებით თინეიჯერებს უყვარდე, პატივს გცემდნენ და დაინტერესებულები იყვნენ შენი გაკვეთილით, მათი თავისებური ასაკობრივი სიტუაციის გათვალისწინებით, არ არის ადვილი. ამიტომ ჩემი გაკვეთილები არ არის რუტინული და „ტრადიციული“. გაკვეთილის დაგეგმვისას ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს, შენ როგორი გაკვეთილი მოგეწონებოდა? პასუხი არის ინტერაქციული, სახალისო, საინტერესო, სიახლეებით მდიდარი და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული.

ამიტომ, ხშირად ვინტერესდები რა ფილმი, რა მუსიკა, რა თამაში, რა წიგნი უყვართ, რომელი მომღერალი მოსწონთ ჩემს მოსწავლეებს, რომ მათი ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმო გაკვეთილი. უცხო ენის მასწავლებელი ვარ, კარგად ვიაზრებ რა მნიშვნელოვანია სასაუბრო უნარ- ჩვევების განვითარება მოსწავლეებში, ამიტომ, ხშირად ვიწვევ უცხოენოვან მოხალისეებს ან ბავშვები მიმყავს ამერიკის კუთხეში, ტექნო პარკში, პროფესიულ სასწავლებლებში, მედია ცენტრ „კახეთშიც“ გვქონდა ძალიან საინტერესო ვიზიტი, რათა სწავლა იყოს სახალისო და საინტერესო მათთვის. ასევე, აქტიურად ვხელმძღვანელობ არაფორმალური განათლების კლუბებს”,- განაცხადა თათიამ.

როგორც თავად აღნიშნავს, ის ნომინირებულია სულაკაურის გამომცემლობის პროექტში ,,მადლობა მასწავლებელო“ და არის საქართველოს მაშტაბით ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის.

“ჩემი ცხოვრება სავსეა მოულოდნელად გამოჩენილი „სიხარულებით“. ასე ვახასიათებ ჩემს ცხოვრებაში არსებული წარმატების მაგალითებს. უბრალოდ ვაკეთებ საქმეს, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს და ბედნიერებას ვიღებ პროცესიდან. არასოდეს არ ვიცი ხოლმე, რომ ამ ჩემს „ბეჯითად შრომას“ რაღაც კონკრეტული ჯილდო მოჰყვება, უბრალოდ, უზომოდ დიდ სიამოვნებას განვიცდი პროცესით და ბოლოს ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს შრომა, რომელიც მოხალისეობრივად გავწიე გარდაიქმნება რაიმე სიკეთედ და წარმატებად. ამის ნათელი მაგალითია ის ფაქტი, რომ სულ ცოტა ხნის წინ ნომინირებული გავხდი სულაკაურის გამომცემლობის პროექტში ,,მადლობა მასწავლებელო“ საქართველოს მაშტაბით, ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის. ვერ აგიხსნით რამხელა სიხარული განვიცადე და ამავდროულად გავიაზრე, რომ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოვჩნდი. მე შემამჩნიეს როგორც კარგი მასწავლებელი და ჩემთან დაკავშირებით აქვთ მაღალი მოლოდინები“,- განაცხადა მოსიაშვილმა.

თათიას მთავარი მიზანია, თვითგანვითარება, რათა მეტი ცოდნა გაუზიაროს მოსწავლეებს, რათ მათ გაძლიერებას და განვითარებას შეუწყობს ხელს.

“ინგლისური ენის მასწავლებელი ვარ და მინდა წარმატებული ქვეყნების გამოცდილების მიღება სწავლებასთან დაკავშირებით. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, გაცვლითი პროგრამით, არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებით და მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა მოზარდებთან მუშაობაში, თუმცა ამერიკა ჩემი ოცნების ქვეყანაა, იმედია ერთ დღეს ეს ოცნებაც ამიხდება!

საბოლოდ, ჩემი მიზანია ჩემს სკოლას, თემს და ქალაქს „გამოვადგე“ და ვიყო სასიკეთო ცვლილების გამტარებელი მასწავლებელი, რომელიც ხარისხიანი განათლებით, მოსწავლეებთან, კოლეგებთან და სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობის შედეგად უკეთეს სამყაროს ქმნის!
მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ვურჩევდი, რომ არასოდეს არ დანებდნენ. მარცხს შეხედონ როგორც მიზნის მიღწევის სხვა საშუალების მოძებნის შესაძლებლობას. ჩემი ცხოვრება შესაძლოა მარტივად გამოიყურება, თუმცა, სავსეა გამოწვევებით. წარმატების უკან ბევრი „არა“ იმალება, თუმცა ეს კიდევ უფრო დიდი მოტივაციის წყაროდ გარდაიქმნება რომ მივიღო საბოლოო ,,კი“.

ყველა მასწავლებელს ვურჩევ არასოდეს არ შეწყვიტოს პროფესიული განვითარება! დაესწროს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს და მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში და მიღებული ცოდნა გააზიარონ და დანერგონ საკუთარ პრაქტიკაში. მასწავლებლობა არის პროფესია, სადაც სწავლის პროცესი არასოდეს მთავრდება, საბედნიეროდ, ინგლისური ენის მასწავლებლებს გვაქვს ფუფუნება, ვიყოთ ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) წევრები, სადაც უამრავი აქტივობა ტარდება ადგილობრივი თუ უცხოელი ტრენერების მონაწილეობით. ეს კი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩემი პირადი მაგალითით მინდა გითხრათ, რომ ETAG- ი არის ორგანიზაცია, რომელიც მასწავლებელს ზრდის როგორც პროფესიონალს!”– წერს თათია მოსიაშვილი