გურჯაანში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, საგანგებო თათბირი მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, საგანგებო თათბირი მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლერი გელენავამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და კომპანია “სოკარის” და “ელექტრო პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს არსებული ვითარება და სტიქიით გამოწვეული შედეგების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
15 ივნისს, მდინარე ნავთისხევის ადიდების შედეგად მოვარდნილმა წყალმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიღო გარემოვაჭრეთა დახლები და პროდუქტი. წყალმა წაიღო ავტომანქანებიც, რომელთა ნაწილი გურჯაანიდან რამდენიმე კილომეტრში გამორიყა.
მუნიციპალიტეტის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და ინტერნეტი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.