გურჯაანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გურჯაანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ქალაქის ცენტრალური ქუჩა, სადაც მდინარე ნავთისხევი კალაპოტის გარღვევის შემდეგ რამდენიმე საათი მიედინებოდა, მძიმე ტექნიკამ ნაწილობრივ გაწმინდა და შიდა გზების ნაწილზე ავტომობილებით გადაადგილება გვიან ღამით გახდა შესაძლებელი.
წყალდიდობამ დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად კი ათობით მანქანა და საცხოვრებელი სახლი დატბორა. გარდა წყალდიდობისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. ფერმერების თქმით, სეტყვამ ვენახები დააზიანა და მოსავლის გარეშე არიან დარჩენილი.
სტიქიის ზონაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს ელოდებიან, რის შემდეგაც ზარალის სავარაუდო ოდენობა გახდება ცნობილი.