ლევან ხაბეიშვილი – გურჯაანში უმძიმესი მდგომარეობაა – დილიდან პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს
ხვალ, დილიდან პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს, სწრაფად უნდა მოხდეს გურჯაანში ზარალის დათვლა და მოსახლეობის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გურჯაანში, სტიქიის ზონაში მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, გურჯაანში უმძიმესი მდგომარეობაა.
„დატბორილია ცენტრალური ნაწილი. რაიონში დაზარალდა მოსახლეობა, მათ შორის სეტყვამ ფაქტობრივად გურჯანიის დიდ ნაწილს შეუქმნა პრობლემა, სასწრაფოდ უნდაა მოხდეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ჩამოსვლა ადგილზე, სწრაფად დათვლა ზარალის, სარეზერვო ფონდებიდან გამოიყოს თანხა, უნდა მოწესრიგდეს სწრაფად ინფრასტრუქტურა. გურჯაანის მერია ვერ ეყოფა ამ საქმეს, ამ საქმეს სჭირდება ხელისუფლება, ყველას მობილიზება. ჩვენ ჩამოვედით ადგილზე და მზად ვართ ფიზიკურადაც დავეხმაროთ გაწმენდით სამუშაოებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი პირადი ვალდებულებაა. ხვალ დილიდან მე პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს, სწრაფად უნდა მოხდეს ზარალის დათვლა და მოსახლეობის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის კომერციულ ფართებში შევიდა წყალი, დატბორილია ბაზარი, სახლები, ავტომობილები, რომელიც წყალმა წაიღო. წაიღო გზა და ინფრასტრუქტურა გურჯაანში და ამიტომ უმნიშვნელოვანესია მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ მინისტრად წოდებული კაცის ჩართულობა, ბიუჯეტზე მათ მიუწვდებათ ხელი, სარეზერვო ფონდებზე მათ მიუწვდებათ ხელი, ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.