უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ავტოსკოლების ლიცენზირების საკითხზე მუშაობა დაიწყოს
საავტომობილო მოძრაობის კუთხით არსებული სავალალო ვითარების ერთ-ერთი მიზეზი ავტოსკოლების უკონტროლო საქმიანობაა.
სფეროს ექსპერტები საუბრობენ რომ აუცილებელია ეს სფერო რეგულაციების ქვეშ მოექცეს, რაც ერთ-ერთი ევროდირექტივაა. როგორც ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ განმარტა, წლებია, სფეროს ექსპერტები და ასოციაციები აღნიშნული რეგულაციის ამოქმედებას ითხოვენ, თუმცა საკითხი ადგილიდან ჯერ არ დაძრულა.
მისი თქმით, ამ დარგზე დღეს რეგულაციები არ ვრცელდება და ავტოსკოლის გახსნისთვის არათუ ინდმეწარმის ან შპს-ს დარეგისტრირებაა საკმარისი, ასეთი სკოლების 95% საერთოდ რეგისტრაციის გარეშე საქმიანობენ და ერთი-ორი სკოლა თუა, რომელსაც შსს-ს მომსახურების სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაცია (ინფრასტრუქტურის, სასწავლო მეთოდოლოგიის, ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ) აქვს წარდგენილი.
იზორიამ აღნიშნა, რომ საგზაო მოძრაობის კუთხით ქვეყანაში არსებული რთული ვითარების ერთერთი მიზეზი სწორედ ავტოსკოლების რეგულაციების მიღმა ყოფნაა.