საფეხმავლო ბილიკი და ექსტრემალური ატრაქციონი- რა პროექტები განხორციელდება თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო ინვესტიციების მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით.
დაცული ტერიტორიების დაარსება-განვითარებისა და დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების შედეგად, მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული დაცული ტერიტორიების ვიზიტორებისთვის სხვადასხვა ტურისტული სერვისების მიწოდებაში, რაც იწვევს ადგილობრივების დასაქმების და ეკონომიკური შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ამჟამად, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეკოტურიზმის განვითარება, როგორც სახელმწიფო მხარდაჭერით, ისე კერძო ინვესტორების მიერ, მათ შორის: შპს „ტრეკინგ ჯორჯია“ თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკების ტერიტორიაზე ახორციელებს 150 000 ლარის ინვესტიციას თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკების დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი საბანაკე ინფრასტრუქტურის მოწყობად. გარდა ამისა, შპს „საქანელა111″ თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ ექსტრემალური ატრაქციონის მოსაწყობად 20 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. აღნიშნული ატრაქციონი მიიზიდავს ძალიან ბევრ ვიზიტორს, და იქცევა ერთ-ერთ პოპულარულ წერტილად თუშეთში მოგზაურობისას.