სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება
პარლამენტი, დაჩქარებული წესით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება.
კანონის პროექტს 12 ივნისის სხდომაზე ჯერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.
“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.
მაკონტროლებელ ორგანოს უფლებამოსილება ეძლევა, ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიყენოს, რომლის ფორმას, შევსებისა და წარდგენის წესს ჯანდაცვის მინისტრი დაამტკიცებს.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შეეძლება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს საქმიანობის უფლება შეუჩეროს.
კანონის პროექტის თანახმად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ეტაპზე სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა და მათ აღსრულებას გასაჩივრება არ გააჩერებს, თუ სასამართლომ სხვაგვარად არ დაადგინა.
ამავე პროექტით, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციები იზრდება.
სანქციების ზრდის გარდა, ცვლილების მიხედვით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სასამართლოსთან ერთად, მოცემულ სამართალდარღვევის საქმეებზე როგორც ოქმის შედგენის, ისე საქმის განხილვის შესაძლებლობა ენიჭება.
ასევე, სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას ელექტრონული დაჯარიმების შესაძლებლობა შემოდის. კანონის პროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა.