საგარეჯოში მელიორაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განხორციელდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სემეკის თავმჯდომარესთან ერთად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საპილოტე პროექტს სემეკის წევრი, გიორგი ფრუიძე და სემეკის აპარატის წარმომადგენლები გაეცნენ. პროექტი განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, მელიორაციის სექტორის განვითარებისთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები ფერმერებისთვის იქნება სარწყავი წყლის უწყვეტი, საიმედო და ოპტიმალური გამოყენების ერთგვარი შესაძლებლობა. ასეთი ორგანიზაციები მელიორაციის სექტორის თანამედროვე რეგულირების ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია, რასაც მოწმობს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებაც. აქედან გამომდინარე, საქართველოში ფერმერებმა უნდა იზრუნონ ასეთი ორგანიზაციების ჩამოყალიბებაზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, მელიორაციის სექტორის ეფექტიანი რეგულირებისათვის სემეკში სხვადასხვა წესსა და მეთოდოლოგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„ამჟამად, სემეკში ვმუშაობთ პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაზე, რომლის საფუძველზეც სემეკი მიმდინარე წლის ბოლოს მელიორაციის სექტორისთვის ტარიფებს დაადგენს. ამასთანავე, მუშავდება წყლის მიწოდების წესები, რომელიც პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს დაარეგულირებს. მიმდინარე წელს დამტკიცდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები“, – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.