გასული წლის 8 თვეში რუსებმა საქართველოში 15 164 შენობა და 13 850 მიწის ნაკვეთი იყიდეს
2022 წლის 1 იანვრიდან 9 სექტემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15 164 შენობა/ნაგებობა (მათ შორის, 13 262 ბინა) და 13 850 მიწის ნაკვეთი იყიდეს. ამის შესახებ IDFI საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაჯაროებულ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში სახელწოდებით “რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში”, ასევე აღნიშნულია, რომ უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან-ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეების წილი, თბილისში სახლის/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 0.9%-დან 5%-მდე, ხოლო ბათუმში 5%-დან 17.6%-მდე გაიზარდა.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა ბაზის მიხედვით, სამშენებლო სფეროში რეგისტრირებული საშუალო ზომის, უცხოური 20 კომპანიიდან/ან მისი ფილიალიდან, მხოლოდ სამია რუსეთის მოქალაქის დაფუძნებული, ხოლო დიდი ზომის ეკონომიკური ოპერატორებიდან, არცერთი არ არის დაკავშირებული რუსეთთან. ნახსენები სამი კომპანიიდან ერთ-ერთია შპს “დს ჯგუფი” (DS GROUP), რომლის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ბენია დავიდოვია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, 2014-2015 წლებში ბათუმში მდებარე ერთ-ერთ რეკრეაციულ ზონას ბათუმის მერიამ სტატუსი მოუხსნა და ინვესტიციის უკეთ მოზიდვის მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. სამინისტრომ კი ტერიტორია შპს “დს ჯგუფზე” სიმბოლურ ფასად გაასხვისა. ამავე დოკუმენტის თანახმად, კომპანია ბათუმში ბინათმშენებლობის სფეროს ერთ-ერთი დიდი მოთამაშეა.
IDFI აღნიშნავს, რომ სამშენებლო სფეროში კომპანიების პროფილების შესწავლის შედეგად, ამ სექტორში საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების პირდაპირი ნიშნები არ ჩანს. ამავე კვლევით, 2023 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა 5 332 ბიზნესი დაარეგისტრირეს. 2022 წელს კი 15 000-მდე. შესაბამისად, აქტიურობა ამ მიმართულებით იზრდება.