,,თედორინო“ – თელაველი ანი გობეჯიშვილი ხელნაკეთ შოკოლადებს, ტკბილეულს და ჩირს ამზადებს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრები ანი გობეჯიშვილი, ხელნაკეთ შოკოლადებს, სხვადასხვა სახის ტკბილეულს და ჩირებს ამზადებს. როგორც ანი ამბობს, აღნიშნული საქმის მიმართ ინტერესი წლებია ჰქონდა, თუმცა საყვარელი საქმე მცირე ბიზნესად გასულ წელს აქცია.
მან შექმნა ბრენდი ,,თედორინო“ და სოციალური ქსელის დახმარებით შეკვეთების მიღება დაიწყო. როგორც Knews.ge-სთან საუბრისას ანი განმარტავს, საქმიანობაში ოჯახის წევრები ეხმარებიან.
,,ვარ 27 წლის, მყავს 1 შვილი. დავამთავრე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების და მეცნიერების ფაკულტეტი. ამჟამად დაკავებული ვარ კონდიტერიით. კულინარიის ინტერესით გატაცებული ვიყავი ბავშვობიდან, 2022 წელს გადავწყვიტე შემექმნა პატარა ბრენდი „თედორინო“, რომელიც ჩემი შვილის სახელს უკავშირდება.
დაწყებას რაც შეეხება, მეუღლემ იცოდა ჩემი სიყვარული კონდიტერიის მიმართ, ამის გამო მომცა ძალიან დიდი სტიმული მეკეთებინა საყვარელი საქმე. არ შემიძლია არ ვახსენო 2 ადამიანი: დედაჩემი- რომელიც დღემდე გვერდში მიდგას ყველაფერში და ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი და საყვარელი ადამიანი ლალი დეიდა, რომელმაც მომცა ბიძგი გამეგრძელებინა ეს საქმე უფრო მეტი შემართებით.
„თედორინოს“ პირველი შეკვეთა იყო, ხელნაკეთი საახალწლო შოკოლადები და ქართული ჩირეულის ასორტი. ვამზადებ შოკოლადის ბონბონებს, ჩურჩხელას სხვადასხვა შიგთავსით, როგორც ტრადიციული თხილით და ნიგვზით ასევე ჩირით, შოკოლადით და ა.შ, ფუნთუშეულობას, სხვადასხვა სახეობის ნამცხვრებს და ტკბილეულს’’,– განუცხადა Knews.ge-ს ანი გობეჯიშვილმა.
ანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის პროდუქტი სახლის პირობებში მზადდება, თუმცა შესაბამისი ფართის და ტექნიკის არქონის გამო, მცირე რაოდენობით ამზადებს, რომელსაც ადგილზე და ინტერნეტის საშუალებით ყიდის.
,,პირველ რიგში, ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც პრეტენზია გაქვს შექმნა წარმატებული ბრენდი. პროდუქტის უმეტესი ნაწილი, რომელსაც ვიყენებ მომზადების დროს, ვცდილობ გავაკეთო საკუთარი ხელით, ვიყენებ ნატურალურ პროდუქტს, რაც „თედორინოს“ გემოზე და ხარისხზე აისახება.
ჯერჯერობით რაიმე სახის ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ სამომავლოდ ვგეგმავ მონაწილეობის მიღებას. ამ ეტაპზე „თედორინოს“ პროდუქცია მზადდება სახლის პირობებში, მცირე რაოდენობთ. დიდი რაოდენობის შეკვეთის მისაღებად საჭიროა ცალკეული ფართი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით’’,- აცხადებს ანი.
ანი სამომავლოდ აღნიშნული მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას და წარმოების გაზრდას გეგმავს.
,,ახლო მომავლში ვგეგმავ კულინარიის აკადემიაში სწავლას, რაც ხელს შემიწყობს მეტად განვითარებაში და პროფესიონალ კონდიტერად ჩამოყალიბებაში’’,- აცხადებს ანი.