ჩემი პირადი პოზიციით, საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს – პაველ ჰერჩინსკი
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის პირადი მოსაზრებით, წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.
მისივე თქმით, დარჩენილ დროში მნიშვნელოვანია, საქართველომ რეკომენდაციების შესრულებაში მაქსიმალურ პროგრესს მიაღწიოს.
„ყველამ ვიცით, რომ ეს საკვანძო მომენტია საქართველოსთვის. საქართველო ევროინტეგრაციის გზაჯვარედინზე იმყოფება. ამიტომაცაა უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის დიალოგი არის ისეთი ინტენსიური, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ამიტომაც ჩვენ მკაფიოდ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების კავშირებს 27 წევრ სახელმწიფოსთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი დონის პოლიტიკოსების ვიზიტებს საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დიალოგი არის ინტენსიური, რამდენადაც ეს შესაძლებელია იმაში დასარწმუნებლად, რომ 27-მა წევრმა ქვეყანამ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება წლის ბოლოს, როდესაც საქართველომ წინ უნდა გადადგას ნაბიჯი ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
რამდენადაც იცით, ევროკომისია ამზადებს ანგარიშს, გაფართოების პირველ ანგარიშს საქართველოსთვის. ეს ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნება, რაც მოიცავს რეკომენდაციებს. შემდეგ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები, უმაღლეს დონეზე, 27 ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები შეხვდებიან წლის ბოლოს და გადაწყვეტენ, შემდგომი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან მიმართებით.
ჩემი პირადი პოზიციით, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს მაქსიმალური პროგრესის მისაღწევად 12 პრიორიტეტთან მიმართებით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგი ამბები მოდის საქართველოდან“, – განაცხადა ბათუმში მედიასთან კომენტარში პაველ ჰერჩინსკიმ.
ის უკვე შეხვდა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ შეავსო ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა, საქართველოსგან განსხვავებით, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, რომლებმაც წევრობის განაცხადები 2022 წლის თებერვალსა და მარტში წარადგინეს. საქართველომ მიიღო მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მან 12 პირობა უნდა შეასრულოს.