სიღნაღში, უამინდობის გამო გათიშულმა ელექტროენერგიამ, სპექტაკლის მსვლელობა ვერ შეაფერხა- ვიდეო
სიღნაღში, თეატრალური ფესტივალზე მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში, უამინდობის გამო გათიშულმა ელექტროენერგიამ ვერ შეაფერხა სპექტაკლის მსვლელობა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ,,სიღნაღის თეატრალური ფესტივალი” ავრცელებს.
დენის ჩაქრობის შემდეგ, მსახიობებს სცენა ტელეფონებით მაყურებლებმა გაუნათეს.
,,მადლობა სიღნაღელ მაყურებელს, მოწვეულ სტუმრებს და პირველ რიგში ჭიათურისა და საჩხერის თეატრებს”,- წერია ,,სიღნაღის თეატრალური ფესტივალის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფესტივალი 3-დან 10 ივნისის ჩათვლით, ქალაქ სიღნაღში იმართება. ის სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების პირველი თეატრალური ფესტივალია.
ფესტივალის მიზანია სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების პოპულარიზაცია, ასევე მათი პროფესიული განვითარება და კიდევ უფრო ფართო ინტეგრირება, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო თეატრალურ სივრცეში.