ახალი ამბები

2022-2023 წლებში, პოლიციელების შრომის ანაზღაურება ჯამში 30%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის მხარდაჭერით, მუდმივად ზრუნავს პოლიციელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი ანაზღაურების გაზრდაზე, პროფესიული უნარების განვითარებაზე, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე, ინფრასტრუქტურის, ავტოპარკის, ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლებაზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სამართალდამცველებისადმი გამოხატული მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, 2022-2023 წლებში, პოლიციელების შრომის ანაზღაურება ჯამში 30%-ით გაიზარდა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სახელმწიფოსთვის ასევე პრიორიტეტულია პოლიციელებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უკვე დაწყებულია მუშაობა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს „ქალაქი“ თბილისში აშენდება და საწყის ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას.

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.