ახალი ამბები

ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 30 მაისს, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან დიდი ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არ არსებობის მიუხედავად, სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გამოძიებას აგრძელებს.
აღნიშნული დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობის დროს მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია ფოტოგრაფმა ნანუკა ავალიანმა გაავრცელა. მისივე თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი მესაზღვრე ტურისტებს დამამცირებლად მოექცა და კარვის მიმართულებითაც გაისროლა.

,,2012 წლიდან ლაშქრობებზე დავდივარ და ასეთი შემთხვევა პირველად და იმედი მაქვს უკანასკნელად შემემთხვა მე და არამარტო მე, სხვა ტურისტებსაც. 27-28 მაისს ვიყავით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas-ზე 13 ადამიანი, სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეთა პოსტი გავიარეთ, გადავიხადეთ მოსაკრებელი, მივედით ბანაკამდე, გვგონია რომ დაცულ ტერიტორიაზე ვართ სადაც რეინჯერების გარდა მესაზღვრეებიც არიან და ნუ მოკლედ მაქსიმალურად დაცულად ვგრძნობდით თავს, მანამ სანამ არ დაღამდა.

ამინდის გამო ცოტა ადრე მოგვიწია კარვებში შესვლა და ღამე 00:00-01:00 ზე გვაღვიძებს როგორც შემდეგ გავარკვიეთ მესაზღვრის ხმა. ჯერ თავიდან გვეგონა რომ ვიღაცამ დალია და თავისთვის ბოდიალობდა რაღაცას, მაგრამ არა. მესაზღვრეს დაულევია და დაჭერილი ჰყავდა ბელორუსი და რუსი ტურისტი, რომელსაც აბულინგებდა. ერთს ხელბორკილი დაადო რომელსაც უთხრა უი გასაღები არ მქონიაო, შემდეგ დავარდნილი პომიდორის აღება უბრძანა, შემდეგ იარაღი გადატენა და გაისროლა ჩვენი ბანაკის მიმართულებით. მეორედ გადატენა და იქვე დაიდო. კარვებს შორის გაიარა ტყვიამ. არ დაგვავიწყდეს ის რომ მეორე მხარეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც მოძრაობენ. შოკში ვარ, ყველა ფილმი რომელიც მინახავს ბანაკში ატეხილ სროლებზე ეხლაც კი თვალწინ მაქვს. ნამდვილად არ მაინტერესებს ვის რამდენი შვილი ჰყავს შესანახი და ვის როგორი ოჯახები ჰყავს სარჩენი. ჩვენც გვყავს ოჯახები, გვყავს შვილები და ის ტყვია რომელიმე ჩვენთაგანს რომ მოხვედროდა, ვინ გასცემდა პასუხს ჩვენს ოჯახს? თუ ამ მესაზღვრის დაჭერა იქნებოდა საკმარისი დედაჩემისთვის ? დაცული ტერიტორია ნიშნავს დაცულ ტერიტორიას და სასწრაფოდ ვითხოვ რეაგირებას”,– წერს ნანუკა ავალიანი