ახალი ამბები

ეზოს დეკორაციები სიღნაღიდან- გაიცანით ხელოვანი ნინო გოდერძიშვილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში მცხოვრები ნინო გოდერძიშვილი პროფესიით ტექნიკოს-არქიტექტორია. როგორც თავად ამბობს, ხატვა და ძერწვა ბავშვობიდან აინტერესებდა, სწორედ ამან გადააწყვეტინა ეზოების გასალამაზებლად სხვადასხვა სახის დეკორაციების შექმნაზე ემუშავა.

ნინო ამბობს, რომ ეზოებისთვის სხვადასხვა სახის ნივთების, სამშენებლო მასალისგან დამზადება 4 წლის წინ დაიწყო და დღემდე ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

,,სოფელ ქვემო მაღაროში დავიბადე და გავიზარდე. ვსწავლობდი და დავამთავრე თბილისის სამშენებლო ტექნიკუმი. პროფესიით ვარ ტექნიკოს-არქიტექტორი. ჩემი პროფესიით არ მიმუშავია არასოდეს. მაღაროს საჯარო სკოლაში ვიმუშავე 20 წელი. ამჟამად ვარ დიასახლისი.
ხატვა და ძერწვა ბავშვობიდან მიყვარდა. დაახლოებით 4 წლის წინ დავინტერესდი ცემენტის ნაკეთობებით და ვცადე კიდევაც. ყველაფერი დაიწყო ერთი სოკოს შექმნიდან. ჩემთვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს ყველაფერი, რომ სოკოებს მოჰყვა ფრინველები, მწერები, ეზოს სხვადასხვა დეკორაციები. სიმართლე გითხრათ მამა ახალი გარდაცვლილი იყო ცემენტზე მუშაობა რომ დავიწყე. ამ მუშაობის პროცესში ხშირად მასთან ვიყავი უხილავი ძაფებით დაკავშირებული. ამ საქმიანობით, მისი მონატრების სურვილს ვიკლავდი. ამანაც დიდი როლი ითამაშა ჩემს საქმიანობაში. მამა გამოცდილი მშენებელი იყო, ხშირად საუბრობდა ხოლმე სამშენებლო მასალების თვისებებზე. ესეც დამეხმარა. ძირითადად ვამზადებ ფლამინგოებს, გედებს, წეროებს, ფარშევანგებს, ახლახანს ბუ ვცადე. ასევე ვამზადებ სხვადასხვა ტევადობის საყვავილე კალათებს,. საყვავილეებს ხის კუნძის იმიტაციით, ზღარბებს, სოკოებს, ჭიამაიებს, ბაყაყებს და სხვა’’,-
აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ნინო გოდერძიშვილი.

როგორც ნინო განმარტავს, ეზოს გასალამაზებლად სხვადასხვა დეკორაციების დამზადება დროს და ენერგიას მოითხოვს, თუმცა მას ეს საქმიანობა სიამოვნებას ანიჭებს.

,,მაგალითად: 1 ფლამინგოს გამზადებას 4 -5 დღე სჭირდება, ხშირად რამდენიმეს ერთდროულად ვაკეთებ და ამ პერიოდში ვასწრებ გამზადებას. დეკორაციები ნაწილ-ნაწილ მზადდება და გაშრობას გარკვეული საათები სჭირდება. შემდეგ სჭირდება მოხვეწა, დაგრუნტვა და ბოლოს შეღებვა. საკმაოდ შრომატევადია, რადგან თითოეულ დეტალს ხელით ვამზადებ. იმდენად საინტერესოა ჩემთვის ეს მუშაობა, რომ საათები როგორ გადის ვერ ვგრძნობ.’’

ნინო აღნიშნავს, რომ ძირითადად მოთხოვნა საყვავილეებზე, კალათებზე და ფრინველებზეა. შეკვეთებს კი სხვადასხვა სოფლებიდან და მუნიციპალიტეტებიდან იღებს. ნინო ამბობს, რომ ასევე გამოფენებში და სხვადასხვა ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას, რაც საშუალებას აძლევს უკეთ გააცნოს სამიზნე აუდიტორიას საკუთარი ნამუშევრები.

,,ძირითადად მოთხოვნა არის ფრინველებზე, საყვავილე კალათებზე, ზღარბებზე, ჯუჯებზე და ჭიამაიებზე. შეკვეთებს ვიღებ დედოფლისწყაროდან, წნორიდან, მეზობელი სოფლებიდან, ჩემი სოფლის მოსახლეობიდან, რა თქმა უნდა. ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდანაც. ჩემდა სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ შორს შეკვეთების გაგზავნას. შეკვეთები, ძირითადად, თვითონ დამკვეთებს მიაქვთ. მყიდველთა რაოდენობით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. რაც შეეხება მოთხოვნას ნაკეთობებზე, ხან ბევრია, ხან ზომიერად. ხარისხზე კი ყოველთვის ყურადღებით ვარ, არ მინდა უკმაყოფილო დარჩეს დამკვეთი და იმედი გაუცრუვდეს. თავდაპირველად შეკვეთები იყო უფრო პატარა ნივთებზე, ახლა თითქმის ყველა ზომის ნივთს ვამზადებ. რაც შეეხება დიზაინს, მაგალითად ფრინველები, ბუნებრივად როგორებიც არიან, ამას ინტერნეტში ვნახულობ და ვცდილობ ისეთს მივამსგავსო.

შარშან ზაფხულში, სიღნაღში, არტ-ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაზე მივიღე მონაწილეობა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამუშაო მასალას ვყიდულობ სამშენებლო მასალების მაღაზიაში. როდესაც სახლში მასალა მთავრდება, განგაშის შეგრძნება არ მანებებს თავს. მშვიდად მაშინ ვგრძნობ თავს, როდესაც დამარაგებული მაქვს ყველაფერი’’,- აცხადებს ნინო.

ნინო სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სურვილი აქვს საკუთარი ნამუშევრები მეტად დახვეწოს.

,,სამომავლოდ იდეაში მაქვს გავამზადო ის ცხოველები, რომელიც დღემდე ვერ შევძელი. მსურს საკუთარ ეზოს შევმატო კიდევ რამდენიმე ნაკეთობა, უფრო მეტად დავხვეწო ჩემი ნამუშევრები. იდეები კიდევ ბევრი მაქვს, მაგრამ დიდი ძალისხმევა სჭირდება.’’

Exif_JPEG_420
Exif_JPEG_420
Exif_JPEG_420
Exif_JPEG_420
Exif_JPEG_420
Exif_JPEG_420