ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ევროპის დღე -75 წელი შუმანის დეკლარაციის ხელმოწერიდან

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 9 მაისს, დილის 12 საათიდან, დაიწყება. ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა.

სწორედ 75 წლის წინ წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. რეალობად ქცეული იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყანის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.

,,ევროპის დღეს ყოველწლიურად 9 მაისს ავღნიშნავთ. 75 წლის შემდეგ, ევროპის დღე 1950 წელს რობერტ შუმანის დეკლარაციით დაწყებული, ევროპული პროექტის საოცარ წარმატებას ადასტურებს. ევროკავშირმა ჩვენს 27 წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა. ევროპის დღეს, ჩვენს საერთო ისტორიაზე ვფიქრობთ და ველოდებით მომავალს, რომელიც საქართველოსთან ერთად გვინდა შევქმნათ. ევროკავშირის მხარდაჭერა ყველა სფეროს მოიცავს, საქართველოს ყველა მოქალაქეზე ვრცელდება და მათი ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გულითადად გეპატიჟებით, მობრძანდით და გაიგეთ მეტი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ”,-აცხადებს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

ექსპო ჯორჯიაში დაგეგმილ ღონისძიებას, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებას გახსნის საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი 12:00 საათზე, მე-11 პავილიონში.

რა დაგხვდებათ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე?

პავილიონი 6 – ევროპის გუნდი
შეხვდით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, აღმოაჩინეთ მათი კულტურა, გაეცანით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და გაიგეთ, როგორ უწყობს ხელს ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყნის განვითარებას.

პავილიონი 11 – ევროკავშირის პროექტების სივრცე
გაეცანით ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინიციატივებს და ნახეთ როგორ უწყობენ ისინი ხელს ცხოვრების გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
პავილიონის მიმდებარე ეზოში დააგემოვნეთ ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია საქართველოს რეგიონებიდან. შეხვდით ადგილობრივ ოსტატებს, და აღმოაჩინეთ მათი გამორჩეული ნამუშევრები.

პავილიონი 4 – EU საუბრები #ertad
მოუსმინეთ გამორჩეულ მომხსენებლებს საქართველოდან და ევროპიდან, რომლებიც იმსჯელებენ ევროპული ღირებულებების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე

პავილიონი 3
ფოტო გამოფენა – „10 წელი ფოკუსში“ – ვიზუალური მოგზაურობა და ბოლო ათწლეულში საქართველოში მიმდინარე ცვლილებები – კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებული დოკუმენტურ ფოტოების გამოფენა.
აუდიო-ვიზუალური გამოფენა – „ეს ქვეყანა შენია“
საგანმანათლებლო თამაში: წიგნების თარო
პავილიონის მიმდებარე ეზოში შეუერთდით შეფ ქეთი ბაქრაძეს და ევროპელ დიპლომატებს კულინარიის სპეციალურ სესიაზე, სადაც წარმოდგენილია ავთენტური ევროპული კერძები.