მესაზღვრე ნასვამი იყო და გაისროლა – რა მოხდა ვაშლოვანის ნაკრძალში
ფოტოგრაფი ნანუკა ავალიანი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობის დროს მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს.
მისივე თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი მესაზღვრე ტურისტებს დამამცირებლად მოექცა და კარვის მიმართულებითაც გაისროლა.
,,2012 წლიდან ლაშქრობებზე დავდივარ და ასეთი შემთხვევა პირველად და იმედი მაქვს უკანასკნელად შემემთხვა მე და არამარტო მე, სხვა ტურისტებსაც. 27-28 მაისს ვიყავით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas-ზე 13 ადამიანი, სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეთა პოსტი გავიარეთ, გადავიხადეთ მოსაკრებელი, მივედით ბანაკამდე, გვგონია რომ დაცულ ტერიტორიაზე ვართ სადაც რეინჯერების გარდა მესაზღვრეებიც არიან და ნუ მოკლედ მაქსიმალურად დაცულად ვგრძნობდით თავს, მანამ სანამ არ დაღამდა. ამინდის გამო ცოტა ადრე მოგვიწია კარვებში შესვლა და ღამე 00:00-01:00 ზე გვაღვიძებს როგორც შემდეგ გავარკვიეთ მესაზღვრის ხმა. ჯერ თავიდან გვეგონა რომ ვიღაცამ დალია და თავისთვის ბოდიალობდა რაღაცას, მაგრამ არა.
მესაზღვრეს დაულევია და დაჭერილი ჰყავდა ბელორუსი და რუსი ტურისტი, რომელსაც აბულინგებდა. ერთს ხელბორკილი დაადო რომელსაც უთხრა უი გასაღები არ მქონიაო, შემდეგ დავარდნილი პომიდორის აღება უბრძანა, შემდეგ იარაღი გადატენა და გაისროლა ჩვენი ბანაკის მიმართულებით. მეორედ გადატენა და იქვე დაიდო. კარვებს შორის გაიარა ტყვიამ. არ დაგვავიწყდეს ის რომ მეორე მხარეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც მოძრაობენ. შოკში ვარ, ყველა ფილმი რომელიც მინახავს ბანაკში ატეხილ სროლებზე ეხლაც კი თვალწინ მაქვს.
ნამდვილად არ მაინტერესებს ვის რამდენი შვილი ჰყავს შესანახი და ვის როგორი ოჯახები ჰყავს სარჩენი. ჩვენც გვყავს ოჯახები, გვყავს შვილები და ის ტყვია რომელიმე ჩვენთაგანს რომ მოხვედროდა, ვინ გასცემდა პასუხს ჩვენს ოჯახს? თუ ამ მესაზღვრის დაჭერა იქნებოდა საკმარისი დედაჩემისთვის ? დაცული ტერიტორია ნიშნავს დაცულ ტერიტორიას და სასწრაფოდ ვითხოვ რეაგირებას”,– წერს ნანუკა ავალიანი და რეაგირებისკენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მოუწოდებს.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტები კახეთში, სხვა დაცულ ტერიტორიებზეც არის დაფიქსირებული, თუმცა მას რეაგირება არ მოყოლია. ნანუკა აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
knews.ge- აღნიშნულ საკითხზე დამატებით ინფორმაციას შემოგთავაზებთ.
Pingback: პროკურატურამ ვაშლოვანის ტერიტორიებზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერ