სიღნაღში თეატრალური ფესტივალი გაიმართება
3-დან 10 ივნისის ჩათვლით, ქალაქ სიღნაღში, სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების პირველი თეატრალური ფესტივალი გაიმართება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების პოპულარიზაცია, ასევე მათი პროფესიული განვითარება და კიდევ უფრო ფართო ინტეგრირება, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო თეატრალურ სივრცეში.
,,პირველი თეატრალური ფესტივალი 3 ივნისს 18:00 საათზე სასტუმრო „სიღნაღში“ გაიმართება ფესტივალის პრესკონფერენცია, რომლის შემდეგ ჩატარდება სპექტაკლი და ფესტივალის საზეიმო გახსნა. გარდა საკონკურსო პროგრამისა, ამ ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გაიმართბა: მასტერკლასები, ვორქშოფები და საჯარო ლექციები, რომელსაც თეატრალურ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები გაუძღვებიან. 30-მდე განაცხადიდან შერჩეულ იქნა 13 სპექტაკლი, რომელიც კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალს ჰყავს პროფესიონალი ჟიურის წევრები (3 კრიტიკოსი, 2 რეჟისორი). ისინი გამოავლენენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპექტაკლებს. 10 ივნისს გრანდიოზულად დაიხურება სიღნაღის პირველი თეატრალური ფესტივალი. დახურვის ღონისძიებას გაუძღვება თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე. სიღნაღის თეატრალური ფესტივალის არსებობა ხელს შეუწყობს სახალხო თეატრების პოპულარიზაციას. ფესტივალის საგანმანათლებლო პროგრამა, ჩატარდება როგორც ადგილობრივი, დაინტერესებული პირებისთვის, ასევე ჩამოსული სტუმრებისთვის”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.