გურჯაანის მუნიციპალიტეტს ათი ავტობუსი მოემსახურება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მალე მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. ცნობილია ისიც, რომ მუნიციპალიტეტს, პირველ ეტაპზე 10 ავტობუსი მოემსახურება.
,,ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 9 თვიანი ვადა აქვს ქვეყანაში ავტობუსების შემოსაყვანად. ისუზუ-ს მარკის 8 მეტრიანი ავტობუსები შემოვა გურჯაანში”,– განუცხადეს Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მერიისვე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ავტოსადგურის მოწყობა. რაც შეეხება მოსაცდელებს, ამ ეტაპზე მხოლოდ მაკეტია შემუშავებული.
,,საკრებულო განიხილავს მარშრუტების დამუშავების საკითხს და მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება საიდან და რა მიმართულებით იმოძრავებენ ავტობუსები”.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დადებითად აფასებს მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების საკითხს. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული სიახლის განხორციელების შემდეგ, ქალაქსა და სოფლებში გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები მოიხსნება.
,,გურჯაანს ადრე ყავდა მუნიციპალური ტრანსპორტი, თუმცა მერე ავტობუსები რომ მოძველდა და მწყობრიდან გამოვიდა, ახლით აღარ ჩანაცვლებულა. წლებია სოფლებში გადაადგილება კერძო ტაქსებით გვიწევს, რაც საკმაოდ არაკომფორტულია. გარდა ამისა, თბილისისკენ მიმავალ ან იქიდან მომავალ მარშუტკებს მივდევთ გურჯაანში ან სადმე სოფელში წასასვლელად. ტაქსი ძვირია და მარშუტკების მძღოლები კი შორ მანძილზე თუ არ მივდევთ უკმაყოფილებას გამოხატავენ, რადგან მგზავრობის თანხა ამ შემთხვევაში ცოტაა. კარგი იქნება თუ მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს და ეს პრობლემები მოგვიგვარდება’’,- განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მცხოვრებმა ნარგიზ ლალიაშვილმა.
სხვა ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ მოიცვას არა მარტო ქალაქი და სტრატეგიული ადგილები, არამედ ახლომდებარე სოფლებიც. მათივე თქმით, რაც შეეხება გადახდის სისტემას, სხვა ქალაქებში მოქმედი გადახდის სისტემის მსგავსად, საბარათე სისტემით უნდა იყოს. გადასახადი კი მცირე უნდა იყოს.
,,მგზავრობის გადასახადი უნდა იყოს მცირე, რომ ადამიანს უღირდეს ავტობუსით გადაადგილება. გადახდის სისტემა ალბათ უნდა იყოს ბარათით. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მარშრუტმა მოიცვას სოფლები და მოგვეხსნას გადაადგილების პრობლემა, რომელიც წლებია გვაწუხებს’’,- აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ადგილობრივი თენგიზ ბეგაშვილი.