საქართველოში ზოგიერთ ქსელში საწვავი გაძვირდა
საერთაშორისო ბირჟაზე ბარელი Brent-ის ფასი 77 დოლარს შეადგენს, რუსული Urals-ის მარკის ნავთობის ფასი კი 57 დოლარს აჭარბებს, რაც ერთ კვირაში 1.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, საქართველოში საწვავის ღირებულებაც გასული კვირის შემდეგ ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ბრენდირებული გასამართი სადგურების მიერ კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივს თუ შევხედავთ, მაგალითისთვის:
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასები ბოლოს 23 მაისს შეიცვალა და 1 ლიტრის ევრორეგულარის ღირებულება 2.35-დან 2.39 ლარამდე გაიზარდა. Wissol-ის ქსელში სხვა ტიპის საწვავის ღირებულება ჯერჯერობით უცვლელია.
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულების ბოლო ცვლილება დღეს განხორციელდა და ბენზინის ყველა ტიპის საწვავი 6 თეთრით გაძვირდა. საწვავის ტიპის მიხედვით ფასები შემდეგნაირად გაიზარდა:
G-Force სუპერი – 3.45 ლარი, ნაცვლად 13 მაისს დადგენილი 3.39 ლარისა;
G-Force პრემიუმი – 2.65 ლარი, ნაცვლად ასევე 13 მაისს დადგენილი 2.59 ლარისა;
G-Force ევრო რეგულარი – 2.41 ლარი, ნაცვლად 13 მაისს დადგენილი 2.35 ლარისა;
ევრო-რეგულარი – 2.31 ლარი, ნაცვლად 2.25 ლარისა;
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Socar-ს და Lukoil-ს, საწვავის ფასები ჯერჯერობით არ დაუკორექტირებიათ, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში კი გამოქვეყნებული ინფორმაცია დაკვირვების შესაძლებლობას არ იძლევა.