გამოკითხულთა 41% საქართველოში ვალით ცხოვრობს – ISET
მომხმარებელთა განწყობის ინდექსის თანახმად, რომელიც ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, ოჯახის ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრისას, საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 40.6% აცხადებს, რომ ვალებს იღებს, 33.1%-ის თქმით კი, შემოსავალი ზუსტად ყოფნის.
ISET-ის მიხედვით, გამოკითხულთა 25.7% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ასევე 25.7%-ის თქმით კი მდგომარეობა იგივე დარჩა.
რაც შეეხება მოლოდინებს, გამოკითხულთა 24% ფიქრობს, რომ მომდევნო 12 თვის მანძილზე ოჯახის ფინანსური მდგომარეობა არ შეიცვლება, 22.9%-ის აზრით ოდნავ გაუარესდება, 22.3% კი ელის, რომ საგრძნობლად გაუარესდება.
ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა. მომდევნო 12 თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ასევე საგრძნობლად გაუარესების მოლოდინი აქვს გამოკითხული მოქალაქეების 27.1%-ს.
კითხვაზე, როგორ შეიცვალა ფასები ბოლო 12 თვის მანძილზე, 34.9%-მა უპასუხა, რომ საგრძნობლად გაიზარდა. მოლოდინები კი ოპტიმისტურია. 32.6% ელის, რომ მომდევნო 1 წელში ფასები ნაკლები ტემპით გაიზრდება, 23.1%-ის აზრით იგივე ტემპით გაიზრდება, 19.4% კი მიიჩნევს, რომ უცვლელი დარჩება.