ახალი ამბები

ლაგოდეხში სოკოს იშვიათი სახეობა, ტრუფელი აღმოაჩინეს- ფოტო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოკოს იშვიათი სახეობა ტრუფელი აღმოაჩინეს. ის ადგილობრივმა, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელმა, გიორგი სულამანიძემ იპოვა.

მისი თქმით, ზაფხულის ტრუფელი დაცული ტერიტორიების გარეთ იპოვნეს.

,,მსოფლიოში ტრუფელის რამდენიმე ათეული სახეობაა, აქედან ყველაზე ცნობილი და ძვირფასი ზამთრის შავი ტრუფელია. ასევე არსებობს თეთრი ტრუფელი. კილოგრამის ფასი 2000 ევროდან 5000 ევრომდეა. ესენი ძირითადად იტალიაში და საფრანგეთშია გავრცელებული. იყო ვარაუდი, რომ საქართველოში უნდა ყოფილიყო ამ სახეობის სოკო და მართლაც რამდენჯერმე იპოვეს, ოღონდ ის ზამთრის იყო და თეთრი აქამდე არავის უპოვია.

ვიპოვეთ ლაგოდეხში ზაფხულის ტრუფელი მაგრამ ის ფაქტი რომ ლაგოდეხის ტერიტორიაზე დაფიქსირდა მისი პოვნა მნიშვნელოვანია. მისი მოძებნა საკმაოდ რთულია და გამოცდილებას მოითხოვს. ზამთრის ტრუფელი ძირითადად მიწის ქვეშ იზრდება’’,– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.

გიორგი სულამანიძეს ინფორმაციით, სოკოები ცალკე არ ხარობენ. ისინი, უმეტესად, სხვა სახეობებთან ურთიერთობენ. სოკო გადარჩენის მიზნით სხვა ორგანიზმზეა დამოკიდებული, რასაც სამეცნიერო ენაზე #სიმბიოზი ეწოდება. ის თანაცხოვრობს მცენარესთან, წყალმცენარესთან, ბაქტერიებთან, ცხოველებთან და ადამიანთან.
ტრუფელი იზრდება ზაფხულში და შემოდგომაზე ფოთლოვან ტყეში, ძირითადად, მუხასთან, წიფელთან და რცხილასთან, ნიადაგში 3-25 სმ. სიღრმეზე; ზოგჯერ ამოდის მიწის ზედაპირზეც. აქვს თხილის გემო და ნეშომპალის სუნი.
მისივე თქმით, ტრიუფელი გარეული ღორების საყვარელი ნუგბარია – მახვილი ყნოსვით ისინი ადვილად აგნებენ ამ სოკოს მიწის სიღრმეებში. სწორედ ამიტომ ევროპაში აქტიურად იყენებენ გაწვრთნილ ღორებს და ძაღლებს ტრიუფელების მოსაძებნად.