ახალი ამბები

228 121 მსესხებელი საქართველოში კრედიტს ვერ იხდის

საქართველოში მსესხებლების 11,8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.

„კრედიტინფოს“ 2023 წლის აპრილის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 228 121 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 474 683-ს შეადგენს. საერთო ჯამში, აპრილის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 931 828 ადამიანს აქვს, ჯამში 39 482 010 647 ლარის მოცულობის.

ცნობისთვის, მხოლოდ ერთ თვეში ე.წ. შავ სიაში 1 762 მსესხებელი მოხვდა. კერძოდ, 2023 წლის მარტის მდგომარეობით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 226 359 მსესხებელს უფიქსირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 83.5% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, აპრილის მდგომარეობით, ბანკებიდან 35 959 284 314 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 613 691 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 8.5%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 136 640-ია.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 759 514 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 073 807 348 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 129 435 მსესხებელს უფიქსირდება.

კიდევ 22 171 ადამიანს კი, ჯამში 448 918 985 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 171 ადამიანს უფიქსირდება.