გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტი უახლოეს პერიოდში ამუშავდება
სულ მალე გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას.
როგორც Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ავტობუსებს მთავრობა კონსოლიდირებული ტენდერით ყიდულობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ასევე ავტოსადგურის მოწყობა.
,,ავტობუსებს მთავრობა ყიდულობს კონსოლიდირებული ტენდერით. გამარჯვებულიც უკვე გამოვლინდა. კომპანიას აქვს 9 თვიანი ვადა ქვეყანაში ავტობუსების შემოსაყვანად. ისუზუ-ს მარკის 8 მეტრიანი ავტობუსები შემოვა გურჯაანში. ამ დროისთვის ავტოსადგურის მოწყობა დაწყებულია. რაც შეეხება მოსაცდელებს, მაკეტი უკვე არსებობს, თუმცა ჯერ მისი მოწყობა არ დაწყებულა. საკრებულო განიხილავს მარშრუტების დამუშავების საკითხს და მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება საიდან და რა მიმართულებით იმოძრავებენ ავტობუსები”,- განუცხადეს Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.