ახალი ამბები

ენმ- „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს შორის არიან პარტიის წევრები და აქტივისტები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე პარტიის რამდენიმე წევრი და სამოქალაქო აქტივისტია დაკავებული.

პარტიის ცნობით, დაკავებულებს შორის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრები არიან.

„ამ პროტესტისას დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი, ასევე, საგარეჯოს, გურჯაანის, ყვარლის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან – დავით დიღმელაშვილი, რამაზ ქერეჭაშვილი, ნიკა ღონიაშვილი. დაკავებული არის ასევე, “ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე, პარტიის წევრები – გიორგი და ალიკა მირაქოვევები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია”, – ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.