ბიზნესისთვის საბაჟო პროცედურების გავლა გამარტივდება
გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობა, ნაკლები შემოწმება, ტვირთის პრიორიტეტულად მიჩნევა – ეს იმ ბენეფიტების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მქონე კომპანიები ისარგებლებენ.
ახალი სტატუსის და გამარტივებული საბაჟო ფორმალობების შესახებ ინფორმაცია კერძო სექტორს, საქართველოს ბიზნესასოციაციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე მიაწოდეს.
შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპანიებს ახალი სტატუსის შესახებ, მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს. ამავე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება.
„ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ, ავტორიზაციის მფლობელის მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ, საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძემ.
მისივე ინფორმაციით, ვიდრე კომპანია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს მიიღებს და საბაჟოსთვის სანდო პარტნიორი გახდება, მას გარკვეული კრიტერუმების დაკმაყოფილება მოუწევს. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, კრიტერიუმები რამდენიმეა და ეს სტატუსი ჩვენს ქვეყანაში უკვე სამმა კომპანიამ მოიპოვა. სტატუსის მფლობელი კომპანიები არიან ჰავი ლოჯისტიკსი, ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია და შარმ ტრეიდინგი. ამჟამად კი, მიმდინარეობს სტატუსის მაძიებელი კიდევ 4 კომპანიის განაცხადის შემოწმება.