ახალი ამბები

როგორ დაითვლება ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის ტარიფი

ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, არსებული გეგმით, მომავალი წლის პირველი კვარტლიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში 2018 წლის დეკემბერში შევიდა, უნდა დავივიწყოთ, რადგან საუბარია ახალ კანონონზე და საქართველოსთვის სრულიად ახალ, უნიკალურ ხედვაზე.

ხეჩინაშვილის ინფორმაციით, პროექტზე მუშაობას სამთავრობო გუნდი ამთავრებს და დაგეგმილია, რომ დოკუმენტი პარლამენტში თვის ბოლომდე შევა. მისი განხორციელება ოქტომბერ-ნოემბრიდან უნდა დაიწყოს, მომდევნო წლის პირველი კვარტლიდან კი, არსებული გეგმით, ეს სისტემა უნდა ჩაირთოს, ანუ გაჩნდეს ამ დაზღვევის შეძენის ვალდებულება.

მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად, პირველი 3 წელი ან მეტი არ იქნება კონკურენცია, ანუ იქნება სტანდარტული ფასი ძრავის მიხედვით. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი კონკურენცია გაიხსნება, რაც შესაძლოა ეტაპობრივად ან პირდაპირ მოხდეს. ხეჩინაშვილის თქმით, პირველი 3 წელი გარკვეულ სურათს გამოავლენს, შემდგომ კი დაინერგება ის სისტემა, რომელიც უცხოეთში არსებობს.