ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდა დეკორატიულ სანთლებს და თაბაშირის ნაკეთობებს ამზადებს- ფოტოები
ლაგოდეხში მცხოვრები 29 წლის მარია რეხვიაშვილი დეკორატიულ სანთლებს და თაბაშირისგან ნივთებს ამზადებს. მან ეს საქმიანობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა ამ საქმისადმი ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა.
ახალგაზრდა სხვადასხვა ზომის და ფორმის სანთლებს ამზადებს. მისი თქმით, ნამუშევრებს თავდაპირველად საკუთარი ოჯახისთვის ამზადებდა, თუმცა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გადაწყვიტა საყვარელი საქმე ბიზნესად ექცია.
,,ჩემი პროფესიაა ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის განხრით. ამ ეტაპზე ვარ ფერმერი და მევენეხე და ვარ დაინტერესებული სოფლის მეურნეობით. ეს ხელსაქმე, რითიც ამჟამად ვარ დაკავებული, არის ჩემი ჰობი რომელიც ცოტა შორს წავიდა. მე ვაკეთებ სანთლებს და თაბაშირისგან ვამზადებ დეკორატიულ ნივთებს. თავდაპირველად ჩემთვის ვაკეთებდი რადგან მე ძალიან მომწონს სხვადასხვა ფორმის სანთლები და ინტერიერის დეკორაციები, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, რომ რაღაც შემოსავალი ამ ჩემი ჰობიდანაც მიმეღო’’,- განუცხადა Knews.ge-ს მარია რეხვიაშვილმა.
ახალგაზრდა აცხადებს, რომ მისი ნამუშევრების მიმართ ინტერესი მალევე გაიზარდა, თუმცა, მისივე განმარტებით, მოქალაქეების უმეტესობა მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, ყიდვას ვერ ახერხებს.
,,ადამიანებს ჩვენთან ჯერ ყოველდღიური მატერიალური საზრუნავი აწუხებთ და საკუთარი სიამოვნებისთვის ვერ იმეტებენ თანხას. იმედს არ ვკარგავ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება და ჩემს ნამუშევრებზე მოთხოვნაც გაიზრდება. მიყვარს ეს საქმე, ეს ჩემთვის რთგვარი თერაპიაა, მამშვიდებს და მიყვარს ახალი ნივთების შექმნის პროცესი’’,-აცხადებს ახალგაზრდა.
მარია აცხადებს, რომ სხვადასხვა გამოფენებში იღებს მონაწილეობას, რაც საზოგადოებისთვის მისი საქმიანობის გაცნობაში ეხმარება. მისი თქმით, რაც შეეხება გაყიდვებს, საკუთარ ნამუშევრებს ადგილზე ყიდის, იღებს ასევე შეკვეთებსაც.
,,წელს პირველად, ლაგოდეხში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მივიღე მონაწილეობა და ნამუშევრები საზოგადოებას გავაცანი. ჩემმა შექმნილმა ნივთებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და საკმაოდ ბევრი ნამუშევარი გავყიდე. ამ საქმიანობით მუნიციპალიტეტში ბევრი არ არის დაკავებული და სურვილი მაქვს ამ მიმართულებით მეტი გავაკეთო მომხმარებლებისთვის. სამომავლო გეგმა ბევრია, თუმცა რისი განხორციელება იქნება შესაძლებელი არ ვიცი’’.