რას აღნიშნავს საქართველო 9 მაისს?
8 მაისს მსოფლიო, 9 მაისს კი 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნაციზმზე გამარჯვებას აღნიშნავს.
გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 1945 წლის 8 მაისს, 23:01 წუთზე ოფიციალურად შეწყდა. ამ დროს კი მოსკოვში, ისევე როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში, 9 მაისის 01:01 საათი იდგა. 9 მაისს, გამთენიისას, რადიომ გადმოსცა თბილისშიც, რომ ომი დამთავრდა.
სწორედ ამიტომ, 9 მაისი საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდავეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში. დასვენების დღედ არის გამოცხადებული.
რამდენიმე წელია პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო სექტორის ნაწილი მოითხოვს საქართველომ ნაციზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშნოს. ამის არგუმენტად ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველომ ეს დღე დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად აღნიშნოს, რითაც საბჭოური რუსული ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობას იდეოლოგიურად გაემიჯნება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.