რა იცვლება წელს სასკოლო ექსკურსიების გამართვის კუთხით
წელს სასკოლო ექსკურსიების გამართვისას 150 კმ-იანი შეზღუდვა მოიხსნება.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს. აღნიშნული შეზღუდვა შარშან დაწესდა და სკოლებს უწევდათ, მარშრუტი ისე დაეგეგმათ, რომ მანძილი 150 კმ-ზე მეტი არ ყოფილიყო. მაშინ ფაქტს მშობლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მაშინ სამინისტროში განმარტავდნენ, რომ მანძილის შეზღუდვა მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით იყო განსაზღვრული და ამავდროულად, სკოლებისთვის სარეკომენდაციო ხასიათის გახლდათ. გათვალისწინებული იყო კორონავირუსით გამოწვეული ეპიდვითარებაც.
თუმცა, წელს აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება და სკოლებს ნებისმიერი მიმართულებით შეეძლებათ ექსკურსიის მოწყობა. ამასთანავე, ძალაში რჩება ყველა ის რეკომენდაცია, რაც აქამდე იყო შემუშავებული.
კერძოდ:
ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც იგი გამოითხოვს და სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღის ადრე წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს.
ასევე ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების, პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. ამის შემდეგ სკოლის დირექტორი წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს და გადაწყვეტს, მისცეს თუ არა ორგანიზატორს ექსკურსიის განხორციელების უფლება.მნიშვნელვანია, რომ ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და და სხვა დაუცველ ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროების შესახებ. ასევე, ფლობდეს მშობლის წერილობით თანხმობას, ექსკურსიაში მისი შვილის მონაწილეობის შესახებ, თუ ბავშვს წარმომადგენელი თან არ ახლავს.
სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი. უნდა იყოს განთავსებული პირველადი დახმარების სამედიცინო ჩანთა. ხოლო, კვების პროდუქტები სანიტარული პირობების დაცვით უნდა წაიღონ.