2022 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 35 და დაშავდა 330 დასაქმებული – შრომის ინსპექცია
2022 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 35 და დაშავდა 330 დასაქმებული. სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 35 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან 69 ქალი და 261 კაცია.
ეს ინფორმაცია ასახულია შრომის ინსპექციის 2022 წლის ანგარიშში, რომელიც უწყებამ პარლამენტში წარადგინა.
2022 წლის ანგარიშის თანახმად, სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელდა სამუშაო სივრცეში მომხდარი 113 უბედური შემთხვევის მოკვლევა. 2022 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის საფუძვლით ინსპექტირება განხორციელდა 192 ობიექტზე.
„შრომის უსაფრთხოების“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონი სამუშაო სივრცეში მომხდარ უბედურ შემთხვევას განმარტავს, როგორც სამუშაო პროცესში ან სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მომხდარ შემთხვევას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანება, შრომისუნარიანობის შეზღუდვა ან დაკარგვა, გარდაცვალება ან მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება.
თავის მხრივ, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია ზედამხედველ ორგანოს აცნობოს უბედური შემთხვევის შესახებ „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-11/ნ ბრძანების შესაბამისად. 8% 61% 31% 2022 წელს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გადანაწილების ფარდობითი სიხშირეები შეჩერება გაფრთხილება ჯარიმა.
თავის მხრივ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სსიპშრომის ინსპექციის სამსახური ახორციელებს სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების მოკვლევას, აღრიცხავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ორგანიზაციაში მომხდარი უბედური შემთხვევების მოკვლევასა და აღრიცხვას აწარმოებს სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური. საანგარიშო პერიოდში კი სამსახურის მიერ მოკვლეულ იქნა ყველა ფატალური და მასობრივი უბედური შემთხვევა. ასევე, განხორციელდა არაფატალური უბედური შემთხვევების მოკვლევებიც“, – ნათქვამია ანგარიშში.
სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის საქმიანობის A სექციაში დაშავებულია 6 დასაქმებული;
სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერის დამუშავების B სექციაში გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 55 დასაქმებული;
დამამუშავებელი მრეწველობის C სექციაში გარდაცვლილია 7 და დაშავებულია 60 დასაქმებული;
ელექტროენერგიის, აირის და ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების საქმიანობების D სექციაში გარდაცვლილია 3 დადაშავებულია 5 დასაქმებული;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების საქმიანობების E სექციაში გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 13 დასაქმებული;
მშენებლობის F სექციაში გარდაცვლილია 16 და დაშავებულია 47 დასაქმებული; საბითუმო და საცალო ვაჭრობის, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის საქმიანობების G სექციაში გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 58 დასაქმებული;
ტრანსპორტისა და დასაწყობების საქმიანობის H სექციაში გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 20 დასაქმებული;
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და კვების მიწოდების საქმიანობების I სექციაში დაშავებულია 50 დასაქმებული;
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების K სექციაში დაშავებულია 2 დასაქმებული;
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების M სექციაში დაშავებულია 2 დასაქმებული;
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების N სექციაში გარდაცვლილია 1 დასაქმებული;
სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების საქმიანობების O სექციაში დაშავებულია 1 დასაქმებული;
განათლების საქმიანობების P სექციაში დაშავებულია 4 დასაქმებული; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების Q სექციაში დაშავებულია 2 დასაქმებული;
ხელოვნების, გართობისა და დასვენების საქმიანობების R სექციაში დაშავებულია 5 დასაქმებული.