hobby-საგარეჯოში მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმის ბიზნეს იდეა
საგარეჯოში მცხოვრები ახალგაზრდა, ნიკა გაბაშვილი, მეუღლესთან, ხატია მთივლიშვილთან ერთად ეზოს და სახლის ხელნაკეთ დეკორატიულ ნივთებს ამზადებს.
ახალგაზრდა ამბობს, რომ მსგავსი საქმიანობით 5 წლის წინ დაინტერესდა, თავიდან რამდენიმე ნივთი გააკეთა, შემდეგ კი მასიური წარმოებისთვის, სხვადახვა სახის საჭირო ხელსაწყოებს წლების განმავლობაში ნელ-ნელა ყიდულობდა.
,,როდესაც მოვაგროვე საჭირო ხელსაწყოები და მეტი დრო რომ დამეთმო საყვარელი საქმიანობისთვის, წამოვედი სამსახურიდან და ჩემი საქმე დავიწყე. საცხოვრებელი სახლის ეზოში მოვაწყე პატარა სახელოსნო და ეზოს დეკორაციების, საყვავილეების, ჩიტის სახლების გაკეთება და გაყიდვა დავიწყე. თავდაპირველად ჩიტის სახლების გაკეთებით დავიწყეთ და შემდეგ საყვავილეებიც დავამატეთ. მიხარია, რომ მოთხოვნა არის ჩვენს ნამუშევრებზე”,- განუცხადა knews.ge-ს ნიკა გაბაშვილმა.
ნიკა ამბობს, რომ დამზადებული ნივთების გაყიდვას ძირითადად ონლაინ, სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდით ახერხებს. მისივე თქმით, გარდა ამისა, ნამუშევრები ადგილზეც იყიდება.
,,ძირითადად ვყიდით ონლაინ, ჩვენი გვერდის საშუალებით. გარდა ამისა, სამშენებლო მაღაზიაც დავამატეთ და იქაც იყიდება ჩვენი ნამუშევრები, ადგილზეც მოდიან და აქაც ყიდულობენ. მოთხოვნა საკმაოდ დიდია. აღსანიშნავია, რომ ეს ნამუშევრები ძირითადად დეკორაციაა, თუმცა მინახავს სახლი, სადაც ჩიტები შედიან და ცხოვრობენ”,– აცხადებს ნიკა.
ნიკა განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეს მეუღლესთან ერთად აკეთებს. ის სახლებს აკეთებს, მისი მეუღლე კი შეკვეთების შესაბამისად და საკუთარი დიზაინით სახლებს ნახატებით აფორმებს.
,,ყველა სახლი რომელიც იხატება, ხშირად კეთდება მომხმარებლების სურვილის მიხედვით. არის შემთხვევები, როცა მომხმარებელი ნახატს თავად გვთავაზობს, ზოგს კი ჩვენ ვურჩევთ. ჩვენს მიერ შერჩეული ფერები და ნახატები ჩემი დიზაინით იქმნება. ეს სასიამოვნო პროცესია და სასიხარულოა როცა დაინახავ სადმე შენს ნამუშევარს და ის ახარებს მომხმარებელს,”- აცხადებს ხატია მთივლიშვილი.
ოჯახი სამომავლოდ, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა გაიზრდება, წარმოების გაფართოებას გეგმავს.