თელავის საბავშვო ბიბლიოთეკა საზეიმოდ გაიხსნა
ახლად რეაბილიტირებული თელავის საბავშვო ბიბლიოთეკა გიორგი ალადაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად გახსნა.
,,თელავის საბავშვო ბიბლიოთეკა 85 წელია ემსახურება პატარებს. ამ წლების განმავლობაში, არაერთი დაბრკოლება შეექმნა დაწესებულებას, თუმცა ბიბლიოთეკარების დაუღალავი შრომის შედეგად დღევანდელ შედეგამდე მოვიდა. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 36 000 -მდე ეგზემპლარს მოიცავს და ყოველთვიურად დაახლოებით 200 ბავშვს ემსახურება,”- განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა შენობის სახურავი და გარე ფასადი, მოეწყო ეზო, დამონტაჟდა გარე განათების ახალი სისტემა.
მოეწყო შენობის შიდა ინტერიერი, ამოიცვალა კარ-ფანჯარა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამკითხველო დარბაზს და წიგნთსაცავს. ბიბლიოთეკის ახალი შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 258 554 ლარით დაფინანსდა.