ახალი ამბები

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამისთვის, წელიწადში, დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ საქართველოში, დღეს არ არის ყველა ის პირობა იმისთვის შექმნილი, რომ პაციენტებს სრულყოფილი და ხარისხიანი, კარგი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისებისთვის როგორიცაა, თუნდაც პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში, 100 ათასი ევრო ჯდება ერთ კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. შერჩეული გვაქვს რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების თუ მგზავრობის. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის მკურნალობა დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენი ვალია ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო თანხები ამ მიზნით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.