მძღოლი, რომლის ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები ზღვარზე მაღალია, დაჯარიმდება
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილება, რომელიც საჯარიმო სანქციების დაწესებას იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის ითვალისწინებს, რომელთა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა დადგენილი ნორმების სცდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას, პირველ ეტაპზე, 100 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით.
მისივე თქმით, საჯარიმო სანქციები უფრო მაღალია იურიდიული პირებისთვის. კერძოდ, იურიდიული პირი პირველ ეტაპზე 500 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.