ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტომახემ პირველად დააფიქსირა მაჩვზღარბა- ფოტო
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტომახემ პირველად დააფიქსირა მაჩვზღარბა (hystrix indica).
მაჩვზღარბა გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთში, ირანიდან სამხრეთ ჩინეთამდე, ინდოეთში, სიცილიასა და ცეილონზე. ასევე გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ცალკეულ რეგიონებში, შუა აზიასა და ამიერკავკასიაში.
საქართველოში მაჩვზღარბა აზერბაიჯანიდან შემოვიდა 2000-იანების დასაწყისში და პირველად დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე დასახლდა, მას შემდეგ ამ სახეობამ ტერიტორია გაიფართოვა და ახლა მისი ნახვა ქართლის და კახეთის დაბლობებში და დაბალი მთის ზონაშიც არის შესაძლებელი.
გასულ წლებში ლაგოდეხში 2 შემთხვევა დაფიქსირდა როდესაც გზაზე საავტომობილო ინციდენტის შედეგად მაჩვზღაბა მანქანამ გაიტანა. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ რაინჯერებს მაჩვზღარბას ეკლები აქვთ ნანახი, მაგრამ ტერიტორიაზე ამ ცხოველის ფოტოფიქსაცია პირველი შემთხვევაა.
მაჩვზღარბა ხმელეთის ცხოველია და მღრღნელებს მიეკუთვნება. მისი სხეულის სიგრძე 60-83 სმ-ს. იწონა კი 13-27კგ-ს. აღწევს. მაჩვზღარბას მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მისი გრძელი ნემსებია, რომლითაც თითქმის მთელი სხეული აქვს დაფარული. მათგან უფრო მკვრივი ნემსები სხეულის გვერდებს და ზურგის ნაწილს გასდევს, რომელთა სიგრძეც დაახლოებით 35 სმ-ია. მაჩვზღარბა მონოგამიური ცხოველია. მაკეობა 66 დღეს გრძელდება და წელიწადში ერთ ან ორ კარგად განვითარებულ, ნაშიერს შობს.
მაჩვზღარბა ღამის ცხოველია. მისი რაციონის ძირითად ნაწილს მცენარეულობა შეადგენს, თუმცა ხანდახან მწერებს, მცირე ზომის ხერხემლიანებსა და ლეშსაც ჭამს. კალციუმის მარაგის მისაღებად და მჭრელი კბილების მეტის სიბასრისათვის ის ხშირად ღრღნის ძვლებსაც.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, რომ სავარაუდოდ მაჩვზღარბას ვიზიტს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე „დაზვერვითი“ ხასიათი ქონდა.