პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია ვენეციის კომისიაში გაგზავნა
დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია ვენეციის კომისიას გაეგზავნა. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ მმართველმა გუნდმა კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინა.
„თქვენო აღმატებულებავ, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა. ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ამ წერილს თან ერთვის.
მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება. აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშავოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე. გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა”.- წერს პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს.